გიგი უგულავა - ხალხს ფაროსანასთან მიმართებით ისეთი განცდა აქვს, რომ შავ ჭირს ელოდება
გიგი უგულავა - ხალხს ფაროსანასთან მიმართებით ისეთი განცდა აქვს, რომ შავ ჭირს ელოდება

ხალხს ფაროსანასთან მიმართებით ისეთი განცდა აქვს, რომ შავ ჭირს ელოდება და მთავრობა რომც ფიქრობდეს, ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ერთია, რას ლაპარაკობს მინისტრი და მეორე, ხალხი ამას როგორ იგებს. ამიტომ, ამ საკითხში კომუნიკაცია და საზოგადოების ჩართულობა პირველადი საკითხია. ჩემთვის ფუნდამენტურად მიუღებელია განცხადება, რომელიც მინისტრმა დავითაშვილმა დღეს გააკეთა, რომ ფაროსანა სასოფლო–სამეურნეო მავნებელია და ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება ცოტა გადაჭარბებულია. გვახსოვს მინისტრი ხადური, რომელიც ასეთ განცხადებებს ხელაღებით აკეთებდა ლარის კურსთან დაკავშირებით, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის მეორე მტკივნეული საკითხია“, – განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, აზიურ ფაროსანაზე მსგავსი განცხადების გაკეთება პრობლემის ნიველირებას ნიშნავს. 

„წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებიც სახლში შპალერებს გლეჯენ, რომ იქ ფაროსანამ არ დაიბუდოს. მარტო შარშან, თხილის ბიზნესმა, უამრავმა ქართველმა გლეხმა 151 მილიონი დაკარგა. წარმოუდგენელი, 66%–იანი ვარდნა დაფიქსირდა და ასეთი დამოკიდებულება ფუნდამენტურად მიუღებელია“, – განაცხადა უგულავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მეთოდებით უნდა მოხდეს ფაროსანას გავრცელების შეჩერება და როგორია „ევროპული საქართველოს“ რეკომენდაცია, გიგი უგულავამ თქვა, რომ ხალხი ამ საკითხზე სამინისტროსა და პარლამენტს შორის დაპირისპირებას კი არ უნდა უყურებდეს, არამედ – ერთ მუშტად შეკრულ მთავრობას, ოპოზიციას და დაინტერესებულ პირებს.

ფაროსანა მოსავალს უნადგურებს ყველას – ჩვენს მხარდამჭერს, მთავრობის მხარდამჭერს, სხვა პარტიების და საერთოდ არავის მხარდამჭერსაც. ამიტომ, ეს პრობლემა ამ ჭრილიდან უნდა გავიტანოთ და ერთობლივი ძალისხმევით გადავჭრათ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.