გიგი უგულავა - გამორიცხული არ არის, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს
გამორიცხული არ არის, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ სასამართლომ პროკურატურას „ტვ პირველიდან“ მასალების ამოღების უფლება მისცა.
უგულავას თქმით, ჟურნალისტს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იცავს, რომელიც ბოლო ფორპოსტია, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ჯერ არ შეხებია.
„არ შევალ ლეგალურ რუტინაში. პროკურატურა და სასამართლო დიდი ხანია, გასულია სამართლებრივი სივრციდან. მედიას/ჟურნალისტს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იცავს. ეს კანონი ბოლო ფორპოსტია, რასაც ივანიშვილის ბინძური ხელი ჯერ არ შეხებია. თუ გავითვალისწინებთ, რა პათოსით ისხდნენ წითელი ქოცელიტა იმედის ეთერში, გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს. ზუსტად ასე იყო 2002-2003 წლებში. სვლა რუსული ტიპის სახელმწიფოსკენ დაჩქარდა. დღეს ამ გზაზე მთავარი წინაღობა თავისუფალი მედიაა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.