გიგი უგულავა - ეს არის უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული, პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება
ეს არის უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული, პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.
„არ ვაპირებ, შევიდე სამართლებრივ ნაწილში, რადგან სამართლებრივად ეს ყველაფერი უბრალოდ არაფერი არ არის. ცარიელი ადგილია და არაფერზე საუბრით არ გადაგღლით. ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, პოლიტიკურად მოტივირებული. ეს არის პოლიტიკური, პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც შეასრულეს იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც, ფორმალურად რომ ვთქვათ, იმის დროც კი არ ჰქონდათ, საქმეს გაცნობოდნენ. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ოდნავ თავმოყვარე მოსამართლემაც კი, თავმოყვარეობის თვალსაზრისით იქ, ახალდანიშნულებში, ძალიან დაბალი ნიშნულია, მოგეხსენებათ, ოდნავ თავმოყვარე მოსამართლემაც არ შეასრულა ეს ბრიყვული ბრძანება, გაბინაშვილის, ამ უვიცი მოსამართლის და უდიპლომო თადუმაძის – რომელსაც ალბათ თვის ბოლოს თანამდებობაზე კიდევ უფრო დააწინაურებს ივანიშვილი – მათი ხელით მომისაჯა ეს ბოდვა“,- განაცხადა უგულავამ.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. როგორც საქართველოს პირველ არხს უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა, უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.