გიგი უგულავა - ძალიან ბევრი გვექნება სამუშაო, რომ დისპოზიცია შეიცვალოს და ჩვენი ამომრჩეველი დავარწმუნოთ
ჩვენ ძალიან ბევრი გვექნება სამუშაო, რომ მოცემული დისპოზიცია შეიცვალოს და ჩვენი ამომრჩეველი დავარწმუნოთ, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევასთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, კვლევა ჩატარებულია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგი არის ის, რაც პარტიებმა არჩევნებზე მიიღეს.
„ამ კონკრეტულ არჩევნებზე საზომად ალბათ უფრო პირველი ტურის შედეგები გამოდგება, სადაც „ევროპული საქართველო“ დაფიქსირდა, როგორც მესამე პოზიციაზე მყოფი პარტია. ბუნებრივია, ჩვენ ძალიან ბევრი გვექნება სამუშაო, რომ ეს დისპოზიცია შეიცვალოს და ჩვენი ამომრჩეველი დავარწმუნოთ“, – განაცხადა უგულავამ.
ამასთან, მისი შეფასებით, კვლევის მთავარი მიგნებაა, რომ მაღალია კორუფციის ინდექსი.
„კვლევის მთავარი მიგნება და უბედურება არის ის, რომ არნახულად მაღალი და გამჯდარია კორუფციის ინდექსი. უწყებების, თვითმმართველობების მიხედვით უკვე კატასტროფამდეა მისული. თუ დავაკვირდებით დინამიკას კორუფციის აღქმის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში 2003 წლიდან მოყოლებული“, – აღნიშნა უგულავამ.
ამასთან, მისი თქმით, საგანგაშო მაჩვენებელია დემოკრატიის თვალსაზრისითაც.
„ასევე, ძალიან საგანგაშოა დემოკრატიის სრული ეროზია. მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს არის პირდაპირი შედეგი არაფორმალური მმართველობის, სადაც ყველაზე გავლენიან ადამიანს არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აქვს, არც პარლამენტის მიმართ და არც საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ჩვენ ჩამოვყალიბდით და სამწუხაროდ, ჩვენმა მოსახლეობამ გვითხრა, რომ საქართველო ჩამოყალიბდა ოლიგარქიულ ქვეყანად და ეს ენდიაის კვლევაში ძალიან კარგად ჩანს, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის ეროზიაზე“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (ენდიაი) კვლევების თანახმად, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პირველი არჩევანის შემთხვევაში, „ევროპულ საქართველოს“ გამოკითხულთა 3 პროცენტი ასახელებს.