გიგი უგულავა - ჟიგიმანტას პავილიონისი არის არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს დიდი ხნის მეგობარი
ჟიგიმანტას პავილიონისი არის არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს დიდი ხნის მეგობარი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით პავილიონისის პოზიციას იზიარებს მთელი თავისუფალი სამყარო.
„პოლიტიკოსების ენა დიპლომატიური ენისგან განსხვავდება. პავინილიონისი არის საქართველოს დიდი ხნის მეგობარი, საქართველოს და არა რომელიმე პარტიის. დამერწმუნეთ, უმეტესობა იქ პავილიონისის პოზიციას იზიარებს, ისევე, როგორც პავილიონისის პოზიციას იზიარებს მთელი თავისუფალი სამყარო. საზოგადოებამ ნახა მსოფლიოს რეაქცია და ჩვენ ეს არ გვიხარია, რადგან ამან საქართველოს რეპუტაცია შელახა, მაგრამ საქართველოს რეპუტაციას ლახავს ღარიბაშვილის მსგავსი პრემიერ-მინისტრი და შლეგი, არაფორმალური მმართველი, რომელიც თავის თოჯინებს ათამაშებს. რა თქმა უნდა, კომიტეტის თავმჯდომარე ვერ გამოხატავს ქვეყნის პოზიციას, მსოფლიოში ასეა, ისევე, როგორც ივანიშვილი არ უნდა გამოხატავდეს საქართველოს პოზიციას, რადგან ის არაფერი არ არის, არანაირი თანამდებობა და ვალდებულება საზოგადოებასთან არ აქვს“, – განაცხადა უგულავამ.
რაც შეეხება ჟიგიმანტას პავილიონისის ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოში დაბარებას, უგულავას თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ პავილიონისმა საქართველოს პრობლემებზე ისაუბროს.
„პავილიონისისთვის ეს იქნება შესაძლებლობა, დამატებით ისაუბროს საქართველოს პრობლემებზე. ლიეტუვა არის საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი, რადგან ერთიანი გამოწვევა გვაქვს და ეს არის რუსეთი. პავილიონისის პოზიცია არის ღია, რაც მთელმა მსოფლიომ დაინახა. ივანიშვილის პირობებში ჩვენ შინაარსობრივად გავხდით რუსული ქვეყანა, ეს ასეა. დღეს საქართველოს რუსეთს მხოლოდ პავილიონისი კი არ ადარებს, უამრავი კონგრესმენი ადარებს, მათ შორის ისინი, ვინც საქართველოს მეგობრები არიან და საქართველოს თემაზე მუშაობენ. პავილიონისი არის გეგმაზომიერი ლიეტუველი პატრიოტი, რომელიც სწორედ რუსეთს და დიქტატორებს ებრძვის“, – განაცხადა უგულავამ.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს. შესაბამისი გადაწყვეტილება სეიმის საბჭომ დღეს მიიღო. ჟიგიმინტას პავილიონისის ვიზიტის შესახებ კითხვები ლიეტუვის ვიცე-სპიკერებს გაუჩნდათ.