გიგი უგულავა - დღეს ამ გაყალბებულ პარლამენტში შესვლა პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას ნიშნავს
დღეს ამ გაყალბებულ პარლამენტში შესვლა ნიშნავს პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას. ამიტომ, „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება არის სრული ბოიკოტი გამოუცხადოს ამ პარლამენტს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩაატაროს.
„არც ერთი ჩვენგანი არ მიიღებს იმ გადმოგდებულ მანდატებს, რადგან ეს პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ აქვს ორი არჩევანი, პირველი არის პატიოსანი და თავისუფალი რიგგარეშე არჩევნები, სხვა შემთხვევაში საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი დაემსგავსება ბიძინა ივანიშვილის ჯამახერიას და ის აუცილებლად, თავისი არალეგიტიმურობის გამო, მაინც მალე ჩამოიშლება. ამიტომ, სჯობს „ქართულმა ოცნებამ“ პირველი აირჩიოს. შესაბამისად, ან იქნება რიგგარეშე არჩევნები ან ეს ჯამახერია მაინც ჩამოიქცევა. ერთხელ მაინც გამოიჩინოს „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფოებრივი აზროვნება, საკუთარი ქვეყნის მიმართ პატივისცემა და გადადგას ეს ნაბიჯი. აქციები აუცილებლად გაგრძელდება, კვირას 15:00 საათზე ვიწვევ ყველას“, – განაცხადა უგულავამ.