გიგი უგულავა - დადგება მომენტი, როდესაც პარლამენტს წარედგინება 60-მდე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის ინდივიდუალური მიმართვა და მოუწევთ დაკმაყოფილება
ის მომენტი დადგება, როდესაც პარლამენტს წარედგინება 60-მდე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის ინდივიდუალური მიმართვა და მათ მოუწევთ დაკმაყოფილება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
რაც შეეხება სიების ანულირებას, მისი თქმით, „ეს წმინდა ტექნიკური საკითხია“.
„როდესაც შემაჯამებელი ოქმი დაიდება ცესკო-ს მიერ, იქ არის ე.წ. სივრცე, როდესაც გენერალურ მდივანს ან თავმჯდომარეებს აქვთ შესაძლებლობა, დარჩენილი სია ჩახსნან. რაც შეეხება იმ პირებს, ვინც ამა თუ იმ პარტიიდან, ცესკო-ს მონაცემებით დეპუტატი ხდება, მათ ინდივიდუალურად უნდა მიმართონ პარლამენტს, რომ მათი უფლებამოსილება შეწყდეს. შესაბამისად, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება და კომისიებს გადაანაწილებს, პარლამენტი ვალდებულია, ეს ჯერ საპროცედურო კომიტეტზე და შემდეგ პლენარულზე გაიტანოს, დაამტკიცოს. ხაზს ვუსვამ, რომ აქ არის კობახიძის ვირეშმაკობა და ტყუილი. მათ უფლება არ აქვთ, ადამიანებსა და დეპუტატებს, რომლებიც იტყვიან, შემიწყვიტეთ უფლებამოსილება, არ შეუწყვიტონ. ანუ, ეს მომენტი დადგება, როდესაც მათ წარედგინებათ 60-მდე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის ინდივიდუალური მიმართვა და მოუწევთ მისი დაკმაყოფილება“, – განაცხადა უგულავამ.