გიგი უგულავა - ჩვენი მთავარი ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს ის კანონი, რომელიც ეუთო-ს ოფისს გავუგზავნეთ
გიგი უგულავა - ჩვენი მთავარი ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს ის კანონი, რომელიც ეუთო-ს ოფისს გავუგზავნეთ

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვამშობიაროთ „ქართული ოცნება“ და მიიღოს ის კანონი, რომელიც გამოსავალია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების მორიგ შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

​გიგი უგულავას თქმით, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტი არ შენელდება.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ამ წვალებაში და ვიხმარ სოკრატეს სიტყვას, ამ მშობიარობაში, ვამშობიაროთ „ქართული ოცნება“ და მიიღოს ის კანონი, რომელიც გამოსავალია, რომელიც ჩვენ ეუთო-ს ოფისს გავუგზავნეთ. ამას თუ არ მიიღებს, პროტესტი არ შენელდება, პროტესტი გაგრძელდება. ამავე დროს, თუ რამე გამოსავალი აქვთ, მათ შეუძლიათ დადონ მაგიდაზე, განვიხილოთ. ჩვენ მივყვებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. სადამდეც ჩათვლიან საჭიროდ, რომ არსებობს რესურსი ლაპარაკის, მანამდე ჩვენ მაგიდას არასდროს არ ავაყირავებთ. ივანიშვილმა გადააგდო ჩვენი მოქალაქეები და თუ ამ სპირალში შესული კიდევ იჯიუტებს, მაშინ გამოვა, რომ გადააგდებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც. მარგინალიზაციის გზას ადგას სწორედ „ქართული ოცნება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრას არასაპარლამენტო ოპოზიციიდან გიორგი ვაშაძე დაესწრება.

„ფორმატს რაც შეეხება, ამის ავტორი და ინიციატორები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ოღონდ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით. ფორმატის დადგენაში ჩვენ მინიმალურად ვმონაწილეობთ. წინა შეხვედრაზეც პრინციპულად დავაყენეთ საკითხი და ამ შეხვედრაზეც დავაყენებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების წევრები უნდა იყვნენ წარმოდგენილი. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, სწორედ „ქართული ოცნება“ „ჭედავს“ აქ, ანუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც არაფერ შუაში არ არიან, ისინიც ამ საკითხს აყენებენ. მე, რამდენადაც ვიცი, მხოლოდ „ქართული ოცნება“ დათანხმდა და არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ბატონი გიორგი ვაშაძე შეუერთდება მოლაპარაკებებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა 18:00 საათისთვის არის დაგეგმილი.