გიგი უგულავა - ჩვენი პარტია ლიბერალურია, „ნაციონალური მოძრაობა კი უფრო რადიკალიზაციისკენ მიდის
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ განსხვავება ის არის, რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში ვაღიარებთ არჩევნებს, როგორც ხელისუფლების ცვლილების ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტრუმენტს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ არასდროს არ აპირებს, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს.
„მონაწილეობას მივიღებთ ყველა არჩევნებში, რადგან ეს არის შესაძლებლობა, პარტიამ, თუ ამა თუ იმ კანდიდატმა, საზოგადოებას თავისი ხედვა გააცნოს, შესაბამისად, მიიღოს უკუგება და შექმნას დღის წესრიგი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
როგორც მან აღნიშნა, „ევროპული საქართველო“ პატივს სცემს პროცედურულ დემოკრატიას.
„ეს არის არა ერთი ადამიანის პარტია, არამედ – ჯანსაღი გაგებით, ბევრი ამბიციური ადამიანის გაერთიანება. ესაა ღირებულებითი ერთობა ბევრი დამოუკიდებელი, ძლიერი, თუ გნებავთ, თავზეხელაღებული ადამიანისა. ჩვენი პარტია უფრო ლიბერალურია, უფრო პრინციპებზე დაყრდნობილი, „ნაციონალური მოძრაობა კი – უფრო რადიკალიზაციისკენ მიდის“, – განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარტია წარსულზე ღიად საუბარს არ გაურბის.
„მათ შორის, პრობლემებზე, გადაცდომებზე და თუნდაც დანაშაულზე საუბარს არ ვერიდებით, რადგან ეს ჩვენი ტკივილია. საუბარი, თავისთავად, რეფლექსიას ნიშნავს. როცა ისტორია მოვლენებს დაღვინებული ემოციებით შეაფასებს, ის ათწლიანი მმართველობა ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან წინსვლად და ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პერიოდად შეფასდება, როცა ქვეყანამ თვალში გამოიხედა“, – განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, ათწლიანი მმართველობის განმავლობაში იყო ურთულესი გამოწვევები და სისტემური სერიოზული ჩავარდნები, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში და არა მარტო ძალოვან სისტემაში.
„დაგვიანდა რეფორმების მეორე ტალღა. 2010 წლიდან ეკონომიკური ლიბერალიზაცია ისედაც მიმდინარეობდა და არსებითი პოლიტიკური ლიბერალიზაციაც უნდა დაწყებულიყო“, – განახადა გიგი უგულავამ.