გიგი უგულავა - „ქართულ ოცნებასთან“ სტრატეგიულად ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვითანამშრომლებთ
გიგი უგულავა - „ქართულ ოცნებასთან“ სტრატეგიულად ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვითანამშრომლებთ

მსოფლმხედველობრივად, ჩვენთან ყველაზე ახლოს „თავისუფალი დემოკრატებია“. ასევე ნაწილობრივ -„ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ სტრატეგიულად ვერ ითანამშრომლებს.

„ერთმა აქტიურმა ადამიანმაც კი, შესაძლოა, „პარადი“ წაიყვანოს. „ქართულ ოცნებასთან“ სტრატეგიულად ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვითანამშრომლებთ. იქ იქნება მთელი რიგი საკითხები, რომელსაც მხარსაც დავუჭერთ, მაგრამ პრინციპულად მიუღებელ საკითხებს, რა თქმა უნდა, გავემიჯნებით. რაც შეეხება ოპოზიციას, მსოფლმხედველობრივად, ჩვენთან ყველაზე ახლოს „თავისუფალი დემოკრატებია“. ასევე ნაწილობრივ -„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ახლა, სამწუხაროდ, განზიდვის მიმართულებით მიდის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ხელში სასამართლო დამოკიდებულთან ერთად, კორუმპირებულიც გახდა. 

„ძალიან შორს ვარ ილუზიისგან, რომ „ქართული ოცნება“ რამეს ნათელს მოჰფენს, რადგან მართლმსაჯულების სისტემა აბსოლუტურად ამორფულია და ჩვენ ვხედავთ ღამის მართლმსაჯულებას. საკონსტიტუციო სასამართლოში რაც მოხდა, ამან საკონსტიტუციო სასამართლო მთლიანად დაასამარა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებაში“ არიან როგორც ულტრამემარჯვენეები, ასევე ულტრამემარცხენეები და ფაშისტური ჯგუფები.

„ჩვენ ვხედავთ, რომ კალაძემ მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ფაშისტი დანიშნა, რომლის ლექსიკა კორკოტას მეტყველებისგან არაფრით არ განსხვავდება. ჩვენი სამიზნე „ქართული ოცნებაა“, რომელიც თავის ბოლო ფაზაში შევიდა. არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ არა ციხეში, ან გადასახლებაში, არამედ ოპოზიციაში უნდა წავიდეს. ეს იქნება ტესტი იმისა, აქვს თუ არა მას რაღაც ღირებულებები, თუ ეს არის ერთი კაცის და ფულის გარშემო გაერთიანებული პარტია“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა.

გიგი უგულავამ მთავრობაში ბიუროკრატიის შემცირების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი რეალური უნდა იყოს და არა ფასადური.

„მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია ფასადურია. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამით ბიუჯეტის ფული დაიზოგება. არადა, აგერ ალიბეგაშვილს ენის პალატა შეუქმნეს. ეს აბსოლუტურად არაფრის მომცემი სტრუქტურა არ არის. ენის პალატა არ სჭირდებოდა ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს და არ გჭირდებათ თქვენ. ის ვერ იქნება ენის დამცველი. ის იქნება ფულის ფლანგვის ორგანო. ჩვენ ენის პალატა იმიტომ გავაუქმეთ, რომ ეს უწყება დადიოდა და მაღაზიებს რაღაც წარწერების გამო ქრთამს ართმევდა“, – განაცხადა უგულავამ.