გიგი უგულავა - ჩვენ გვინდა, არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, დაინიშნება იძულებით, იქნება პროტესტი და დაუმორჩილებლობა
გიგი უგულავა - ჩვენ გვინდა, არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, დაინიშნება იძულებით, იქნება პროტესტი და დაუმორჩილებლობა

ჩვენ გვინდა, არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, ეს არჩევნები დაინიშნება იძულებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა.

ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას უგულავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების შესაცვლელად აუცილებელია ხალხის მასშტაბური პროტესტი.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროპის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებს უარი უთხრა, ქვეყანას სხვა გზა არ რჩება.

„ხშირად გაიგებთ ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სასოწარკვეთილ ამოძახილს, რომ ეს კაცი ასე არ წავა. ევროპის მედიაციით მოლაპარაკებები ჩავარდა და სამწუხაროდ, განცდა, რომ ივანიშვილი ასე ჩვეულებრივად არ წავა, კიდევ უფრო გამძაფრდა მოქალაქეებში. ჩვენ უნდა გავმოძრავდეთ, მთელი საქართველოს შეგნებული მოქალაქეები უნდა დავირაზმოთ ერთი იდეის ქვეშ, რაც ნიშნავს მოძრაობას საქართველოსთვის, ეს მოძრაობა არის თითოეული ადამიანი, რომელიც გამოდის გარეთ და აღარ ეგუება იმას, რაც ქვეყანაში ხდება. ჩავარდნილი მოლაპარაკებები არ არის ერთჯერადი რამ. ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ღიად უარი უთხრა დასავლეთს. ასეთ პირობებში საქართველოს სხვა გზა არ რჩება და რომც არ უნდოდეთ ვიღაცებს „ქართულ ოცნებაში“, ჩვენ გადავიხრებით იქით, საიდანაც საუკუნეების მანძილზე გამოვდივართ.

ეს ადამიანი აუცილებლად წავა მშვიდობიანი არჩევნებით და ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, ეს არჩევნები დაინიშნება იძულებით ხალხისგან, რომელიც გამოვა და იმოძრავებს თავის სოფელში, თავის ქალაქში, თავის ქუჩებზე, იქნება სრული პროტესტი და დაუმორჩილებლობა. ამას სჭირდება რამდენიმე თვე, ამას სჭირდება მომზადება. ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ უდიდესი სტრატეგიული მოთმინებით, უნდა დავიაროთ მთელი ქალაქი და გავაცნოთ, რა ხდება რუსთაველზე, რატომ დგას კარვები“, – განაცხადა უგულავამ.

უგულავას თქმით, საქართველოს განვითარებას „ქართული ოცნება“ აფერხებს და სწორედ ამიტომ, ოპოზიციას მისი გვერდზე გაწევა უნდა.

ამასთან, როგორც უგულავამ აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ სუს-ი ხალხის დაშინებას დაიწყებს, თუმცა ეს უშედეგო იქნება.

„მხოლოდ გააქტიურებით და მოძრაობით შევძლებთ, ვაიძულოთ ივანიშვილი, წამოვიდეს რიგგარეშე არჩევნებზე. ვერანაირი დასავლეთი ვერ გვიშველის, ჩვენ თუ არ ვიმოძრავებთ. ამიტომ ერთადერთი ლოზუნგი, რაც ამ დღეებში და ამ თვეებში შეიძლება ჩვენს წინ და ჩვენს უკან ეწეროს, ეს არის: „მოძრაობა საქართველოსთვის“. საქართველოსა და განვითარებას შორის დგას ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. დიახ, ჩვენ გვინდა, რომ ეს ხალხი გვერდზე გავწიოთ იმიტომ, რომ საქართველოს მოძრაობა სჭირდება წინ, მაგრამ თუ ეს ადამიანები გახდებიან საქართველოს განვითარების საფრთხე, განვითარების მუხრუჭი, მაშინ ხალხი გადაივლის და ამ გზას მაინც აიღებს.

ამიტომ ყოველდღიურად ჩვენ უნდა ვიყოთ ისე, როგორც წინასაარჩევნო რეჟიმში, რაც ნიშნავს, რომ ყველა ლიდერი უნდა გადანაწილდეს რაიონებში, სოფლებში, თბილისში, უნდა ვიაროთ კარდაკარ და ჩვენს მოსახლეობას ვუთხრათ: კმარა, ჩვენ წინ საქართველოა და ჩვენს უკან ჩვენი შვილები. ეს ორი თე იქნება უკომპრომისო.

ვიცით, რომ სუს-ის მთელი „შნირობაგამოეყრება და სოფელ-სოფელ ჩვენს კვალზე ივლის ხალხის შესაშინებლად, მაგრამ მერწმუნეთ, შიში დაძლეულია. ამას ნახავს ხელისუფლება 15 მაისს, როდესაც სუს-ის დრონები ძრწოლას დაიწყებენ და კობახიძე შეეშვება ჩვენი თავების თვლას, რადგან იმაზე მეტი ხალხი იქნება, ვიდრე მის თავზე თმა“, – განაცხადა უგულავამ.