გიგი უგულავა - ჩემს შეცდომად ვთვლი, რომ თავის დროზე, როცა ძალაუფლებაში ვიყავი, მეგის ქარდავასნაირებს ადგილი არ მივუჩინე
ჩემს შეცდომად ვთვლი, რომ თავის დროზე, როცა ძალაუფლებაში ვიყავი, მეგის ქარდავასნაირებს ადგილი არ მივუჩინე, – განაცხადა ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით, რომლის კომენტარსაც „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ამასთან, როგორც უგულავამ განაცხადა, მეგის ქარდავას არ ექნება საშუალება, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგეს.
„არ მქონია ეგ ბედნიერება, რომ მეგის ქარდავას ვიცნობდე, ნამდვილად არ დავმალავდი. ვერანაირი მეგის ქარდავა, ვერანაირი ყოფილი ძალოვნები ვერც ერთ თანამდებობაზე ვერ დაბრუნდებიან ვეღარასდროს. მეგის ქარდავას მე არ ვიცნობდი. როგორ ვაფასებ მის საქმიანობას? ძალიან ნეგატიურად. ჩემს შეცდომად ვთვლი, რომ თავის დროზე, როცა ძალაუფლებაში ვიყავი, მეგის ქარდავასნაირებს ადგილი არ მივუჩინე. დაბრუნდება თუ არა ხელისუფლებაში მსგავსი ბიოგრაფიის ადამიანები? ვერასდროს დაბრუნდება, თუ ამის საშუალება მექნება, რა თქმა უნდა, თუ ჩემზე იქნება დამოკიდებული. აქვს თუ არა მას საშუალება, საქართველოში დღეს ჰქონდეს სამართლიანი სასამართლო – არა, რადგან ივანიშვილის სასამართლო არის პროპაგანდული. შესაბამისად, ყველაფერს იყენებენ არა გამოძიებისთვის სიმართლის დასადგენად, არამედ პროპაგანდისთვის. მე ვიცი, რომ მურუსიძისა და ივანიშვილის სასამართლო სიმართლეს ვერ დაადგენს. ისიც ვიცი, რომ თუ საშუალება მექნება, აუცილებლად დავადგენ სიმართლეს, ასეთი ფორმით, თუ ისეთი ფორმით. არავის ჩადენილ დანაშაულს, რომელი ხელისუფლების პირობებშიც არ უნდა ყოფილიყო, არ ვაპატიებ, მაგრამ იმასაც ვაცხადებ, რომ დღევანდელი სასამართლო სიმართლეს ვერ დაადგენს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.