გიგი უგულავა - აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და მასთან ანტიოკუპაციურ ჭრილში არ უნდა ვლაპარაკობდეთ
აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და მასთან ანტიოკუპაციურ ჭრილში არ უნდა ვლაპარაკობდეთ, უნდა ვლაპარაკობდეთ კომისიის ფარგლებში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებული პრობლემა უკვე დიდი ხანია, არსებობს თუმცა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, უგულავას თქმით, პრობლემამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.
„ეს პრობლემა არსებობს დღიდან დამოუკიდებლობისა. სამწუხაროა, რომ საზღვრის დემარკაცია აქამდე ვერ მოხერხდა. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ მსგავსი პრობლემები სხვა მეზობლებთანაც გვაქვს. აზერბაიჯანი არაა გამონაკლისი ამ თვალსაზრისით. ვიმეორებ, ეს პრობლემა წინა და წინის წინა ხელისუფლების დროსაც იყო, მაგრამ ასეთ კრიტიკულ ზღვრამდე არ მისულა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი მოძმე, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ერთად ვიბრძვით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ამიტომ აზერბაიჯანთან ჩვენ, როგორც ერმა, უნდა ვისაუბროთ როგორც მეგობართან და როგორც მეგობართან გადავწყვიტოთ მათთან ურთიერთობა.
სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებას ამის რესურსი არ აქვს, რადგან უკანასკნელი ექვსი წელიწადია ვხედავთ ეროზიას ჩვენ მეგობრებთან ურთიერთობაში. ფუნდამენტური პრობლემა აქვს ჩვენს ხელისუფლებას სტრატეგიულ მეგობართან. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და მათან ანტიოკუპაციურ ჭრილში არ უნდა ვლაპარაკობდეთ. აზერბაიჯანთან უნდა ვლაპარაკობდეთ კომისიის ფარგლებში, მაგრამ თუ გვინდა რომ ეს კომისია ქმედითი იყოს, უნდა ვლაპარაკობდეთ მაღალ დონეზე და უნდა ვმეგობრობდეთ მაღალ დონეზე, როგორც იყო ადრე“,- განაცხადა უგულავამ.