გიგი უგულავა - ასზე მეტი სკოლა და ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშეა დარჩენილი
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ საქართველოს რეგიონებში ასზე მეტი სკოლა და ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშეა დარჩენილი. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ 29 აგვისტოს მიღებული დადგენილების მიხედვით, რაიონებს ჩამოერთვათ სატრანსპორტო შესყიდვების ჩატარების შესაძლებლობა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი კი, არ შედგა.
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 28 დეკემბერს გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების შესახებ არ შედგა. ფაქტი ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო უწყებების მხრიდან გულგრილ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან. 15 იანვარს სასწავლო პროცესის განახლების თარიღი ყველასთვის ცხადი იყო და წარმოუდგენელია, აღნიშნული ტენდერი ჩატარებულიყო 28 დეკემბერს. 10 იანვარს ჩაშლილი ტენდერის შემდეგ რაიონის მერებმა 21 იანვარს, სასწავლო პროცესის განახლების დღეს დაიწყეს გამარტივებული შესყიდვების განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, რაც მიანიშნებს, რომ პრობლემა რაიონების უმრავლესობაში კვლავ მოუგვარებელი დარჩება”,-განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავა მოითხოვს დაუყოვნებლივ დადგეს შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი და გაუქმდეს ბახტაძის მიერ აგვისტოში მიღებული დადგენილება.