აშშ-ის საელჩოს განცხადება არ მინახავს და უფლება მაქვს, ეჭვი შევიტანო ინტერპრეტაციაში, რომელსაც სახელისუფლებო არხები, ასეთ პირობებში, ქუჩაში მთავაზობენ, – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებას შეეხებოდა.
„მე მხოლოდ თქვენს ინტერპრეტაციაში შევიტან ეჭვს, მეტი არაფერი. ყველა დასკვნაში წერია, რომ იყო სერიოზული პრობლემები და გამოწვევები. ყველა განცხადებას აქვს ზოგადი და კერძო ნაწილი. როგორც წესი, ხელისუფლების პროპაგანდისტები ზოგადად საუბრობენ ხოლმე. ვიდრე იქნება გამოწვევები, ზეგავლენის მოხდენა, გაყალბების მცდელობები და პირდაპირ არჩევნების ყიდვა, ჩვენ არ გავჩერდებით, რადგან უბრალოდ, არჩევნები თუ გაუქმდა ამ ქვეყანაში, მაშინ ეს ნიშნავს, რომ სრულიად უმართავ პროცესებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი და ამაზე ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელიც და დამნაშავეც. მე ვიზიარებ ქართველი ხალხის პოზიციას, რომელიც ცალსახად ხედავს, რომ არჩევნები არის გაყალბებული. არ მინახავს განცხადება და შემიძლია გითხრათ, რომ ინტერპრეტაციაში, რომელსაც სახელისუფლებო არხები, ასეთ პირობებში, ქუჩაში მთავაზობენ, რბილად რომ ვთქვათ, მაქვს უფლება შევიტანო ეჭვი. გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით განცხადებას, როდესაც განცხადება იქნება სრულად და შესაბამის პირობებში და არ ასეთ ვითარებაში“, – განაცხადა უგულავამ.
დღეს, საქართველოში ამერიკის საელჩომ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა“.
ამასთან, როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო პროცესის ხელყოფის მცდელობები, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია.
„საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.