გიგი უგულავა - არაფერს ცვლის, მე ბრალდებული ვიქნები თუ მოწმე
გიგი უგულავა - არაფერს ცვლის, მე ბრალდებული ვიქნები თუ მოწმე

არაფერს ცვლის, მე ბრალდებული ვიქნები თუ მოწმე, – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ორსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტების საპასუხოდ განაცხადა, ელოდება თუ არა ბრალის წარდგენას ან დაკავებას.

მისი თქმით, გამოძიება ხელისუფლების მითითებით მოქმედებს და იმ პოლიტიკოსს წარუდგენს ბრალს, რომლის გაჩუმებაც მოუნდება.

„ბრალს წარდგენა-არ წარდგენა ჩვენი პროკურატურის მხრიდან ივანიშვილის პირობებში არის პირობითობა. ამ საქმეში ყველა ერთ ქვაბშია ჩაყრილი და იმის მიხედვით, რომელი პოლიტიკოსი არ მოეწონება, რომელი პოლიტიკოსის განეიტრალება, გაჩუმება მოუნდება, ამის მიხედვით პროკურატურა ამოწევს გვარს და ის ბრალდებული გახდება. ეს ვერაფერს და არაფერს არ შეცვლის, ვიქნები მე ბრალდებული თუ მოწმე. სიმართლე არის ერთი – რომ სიტუაცია უკვე ჩამცხრალი იყო, მანამდე იყო გარკვეული ჩხუბი, თუმცა პოლიცია ლეგიტიმურად იგერიებდა. მას შემდეგ, რაც წამოვიდა წინადადება მოლაპარაკებაზე, უკვე დაშოშმინებული გვქონდა სიტუაცია და იმის მაგივრად, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო, ივანიშვილმა თუ გახარიამ მიიღეს გადაწყვეტილება, ცეცხლი გაეხსნათ ჩვენთვის, გაზის ტყვიები აეწყოთ და ამის შემდეგ გამოეყენებინათ რეზინის ტყვიები და ხელკეტები. ეს წყალგამყოფი მომენტია, რატომ ჩაიშალა მოლაპარაკებები. ამაზე გახარია იძახის – არ ვიცი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მთავარი შეკითხვა რჩება ბურუსით მოცული – რატომ ჩაიშალა მოლაპარაკებები“, – განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, მოლაპარაკებები უშედეგოდაც რომ დასრულებულიყო, ამასობაში ადამიანების ემოციები დაცხრებოდა.

„ჩვენ მივიღეთ ტრაგედია, რომელიც მოითხოვს პასუხებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.