გიგი უგულავა - არ უნდა გვიხაროდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება
ძალიან მძიმე საყურებელია ეს ყველაფერი, ასე არ იქცევიან ცივილიზებული ქვეყნები,- განაცხადა “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას.
მისი თქმით, მსგავსი ფაქტები, ანუ პოლიტიკური ოპონენტების დევნა, სამწუხაროდ, საქართველოშიც ხდება.
“რამდენადაც ინფორმაცია არსებობს, შინაპატიმრობას ითხოვს პროკურატურა, მაგრამ პრინციპი არის მთავარი, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს ასე არ უნდა მოვექცეთ. პოლიტიკური დევნა, ისევე როგორც პოლიტპატიმრების ეპოქა, საქართველოში 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყო. ეს პრობლემა სწორედ აქედან არის დაწყებული, იგივე მიხეილ სააკაშვილს ამის შედეგად მოუწია ქვეყნის დატოვება. ჩვენ დღეს გვყავს პოლიტპატიმრები და ეს პრობლემა თუ გვინდა გადაწყდეს, უნდა გადაწყდეს საქართველოში. ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, სხვა ქვეყანაში, სხვა ხელისუფლებები როგორ იქცევიან. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენი ხელისუფლება როგორ იქცევა, როდესაც მას ჰყავს პოლიტპატიმრები, პოლიტდევნილები. ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს და ქვეყანამ უნდა გააგრძელოს განვითარება პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების გარეშე. ყველა ადამიანმა უნდა დატოვოს საპატიმრო და დევნილებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, ჩამოვიდნენ ქვეყანაში და პოლიტიკური, თუ ნებისმიერი საქმიანობა აწარმოონ. შემდეგ უკვე ხალხი გადაწყვეტს, უჭერს თუ არა მხარს”,- აღნიშნა უგულავამ.
როგორც მან აღნიშნა, ბევრი ადამიანი აღფრთოვანებულია სააკაშვილის დაკავებით, რაც პირველ რიგში საქართველოსთვისაა ცუდი.
“მოვისმინე ბევრი ადამიანის ქილიკი და აღფრთოვანება იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი დაიჭირეს. ნუ გვიხარია მეგობრებო, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის ცუდი და ამიტომ არავის დაჭერა, მითუმეტეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, არავის უნდა უხაროდეს. ჩემი აზრით, საქართველოში ექსტრადიციის ალბათობა ძალიან დაბალია, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან გრძელი პროცესი და ასე უცბად ვერ მოხდება. იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში პრეზიდენტობა, იმის მიუხედავად, ეთანხმები მას თუ არა მის უკრაინულ მოღვაწეობაში, რომლის სიმპატაიზერი მე ნამდვილად არა ვარ, ნუ გვიხარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება, ეს ფაქტი არის მძიმე და ჩვენ ქვეყანას ცუდად მოუბრუნდება. აქ უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტპატიმრების ეპოქა. ეს არის ჩვენი ამოცანა და ვისაც არ ესმის ამის სიკეთე და დაბრმავებულია ე.წ. სამართლიანობის აღდგენით, მას და ქვეყანას ეს ყველაფერი ბუმერანგივით მოგვიბრუნდება და გასახარი არავის ექნება”,- განაცხადა უგულავამ.