გიგი უგულავა - ქვეყანაში იმიტომ გვინდა გარდამტეხი ცვლილებები, რომ ერთი კაცის ხუშტურზე აღარ იყოს დამოკიდებული კარტოგრაფების საქმე ისე, როგორც იყო ფოტოგრაფების საქმე
გიგი უგულავა - ქვეყანაში იმიტომ გვინდა გარდამტეხი ცვლილებები, რომ ერთი კაცის ხუშტურზე აღარ იყოს დამოკიდებული კარტოგრაფების საქმე ისე, როგორც იყო ფოტოგრაფების საქმე

ზურაბ ნოღაიდელი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და „ქართული ოცნების“ კონტრიბუტორია. სიაფანდი თამაშები ერთმანეთში ითამაშონ, ოღონდ ის უდანაშაულო ადამიანები ციხიდან გამოუშვან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

უგულავა აღნიშნულ საქმეს „ნოღაიდელისა და ივანიშვილის ერთობლივ თამაშს“ უწოდებს.

მისივე განცხადებით, გარდამტეხი ცვლილებები საჭიროა, რათა ქვეყანა „ერთი კაცის ხუშტურით აღარ იმართებოდეს“.

„ზურაბ ნოღაიდელი არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და ეს  დასაბუთებულია, ისინი ერთად აკეთებენ ფულს აზერბაიჯანის ტრანზიტზე. ასე რომ, სიაფანდი თამაშები ერთმანეთში ითამაშონ, ოღონდ ის უდანაშაულო ადამიანები გამოუშვან ციხიდან. ამ ქვეყანაში იმიტომ გვინდა გარდამტეხი ცვლილებები, რომ ერთი კაცის ხუშტურზე აღარ იყოს დამოკიდებული კარტოგრაფების საქმე და, სამწუხაროდ, როგორიც იყო ფოტოგრაფების საქმე. სწორედ იმისთვის ვიბრძვით, რომ ცვლილებები რეალური იყოს, რომ ერთი კაცის ხუშტურებით აღარ იმართებოდეს ქვეყანა. კარტოგრაფების სამარცხვინო საქმეც ერთი კაცის ხუშტურია, მისი სახელია ბიძინა ივანიშვილი.

უტვინო ღარიბაშვილმა და თვითგადარჩენის ინსტიქტით მოძრავმა ივანიშვილმა ეს ორ ადამიანი დაატყვევა და იმ ვერსიას, რასაც ვითომ აჩეჩებენ, აზერბაიჯანული მხარე ლობირებდა. აზერბაიჯანული მხარის პარტნიორი და შუამავალი ნოღაიდელი იქიდან ფულს აკეთებს. ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ბატონი ნოღაიდელისა და ბატონი ივანიშვილის ერთობლივი თამაშია. ნოღაიდელი დღეს მისი პირადი ბიზნესპარტნიორი და „ქართული ოცნების“ მსხვილი, არაფორმალური კონტრიბუტორია.

შეგახსენებთ, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში პირველი ზურაბ ნოღაიდელი გავარდა. შეგიძლიათ, ამოიღოთ დოკუმენტები. ასე რომ, პუტინის გვერდით ნოღაიდელი იყო.

ფაქტები არის ის, რომ ეს ორი ადამიანი სინდისის პატიმარია და მძევლად არიან აყვანილი. ამაში დამნაშავეა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მზად არის, ეროვნული ინტერესები, ჩვენი კულტურა – ყველაფერი გაყიდოს, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ვინც მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის, ის დაკარგავს ამ ძალაუფლებას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი (2005 წლის თებერვლიდან 2007 წლის ნოემბრამდე) ზურაბ ნოღაიდელი გამოიკითხა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.