გიგი უგულავა - 20 ივნისს აქცია აბსოლუტურად ლოგიკური, მორალურადაც და პოლიტიკურადაც გამართლებულია
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ 20 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, 20 ივნისის აქცია აბსოლუტურად ლოგიკურია, სწორია და მორალურად, პოლიტიკურადაც გამართლებულია.
„20 ივნისი არის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, ეს არის დღე, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა ხმა აიმაღლეს უაზრო, უშინაარსო და ქვეყნისთვის მაზიანებელ დათმობზე, რასაც რუსეთთან მიმართებაში ეს ხელისუფლება აწარმოებდა და ამას მოჰყვა ის რეაქცია, რაც ვიცით ჩვენ ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ 20 ივნისს აქცია აბსოლუტურად ლოგიკურია, სწორია და მორალურადაც და პოლიტიკურადაც გამართლებულია.
ამავე დროს, პოსტ პანდემიურ, თუ პანდემიურ პირობებში, ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც ჯანსაღ აზრთან არის ახლოს. მნიშვნელივანია ის, რომ ახალი სტანდარტი შეიქმნა, ქვეყანა ცხოვრებას აგრძელებს, საპროტესტო ფორმები შეიძლება, შეიცვალოს ამ პანდემიის გამო, მაგრამ მუხტი არ შეიცვლება, გადაწყვეტილება არ შეიცვლება.
ამიტომ ახალი სტანდარტია საჭირო ამ თვალსაზრისით და სხვა რაღაც თვალსაზრისით ექსპერიმენტული იქნება, უნდა მოვარგოთ ახალ რეალობებს, მაგრამ შინაარსი უნდა იყოს უცვლელი“, – განაცხადა უგულავამ და აქციის მოთხოვნებზე გაამახვილა ყურადღება.
„შინაარსი არის კვლავ დეოკუპაციის მოთხოვნა, ცვლილებების მოთხოვნა, ახლა უკვე კიდევ უფრო მწვავედ დაემატება ანტიკრიზისული სულისკვეთება, რადგან ყველას კარგად გვესმის, ამ შემთხვევაში უკვე ზეპარტიულად ვლაპარაკობ, რომ ეკონომიკის ქარიშხალი დაუბერავს, რომელმაც შეიძლება, ერთიანად წაგვხოცოს მთავრობიან ყველაიანად ისეთი მძიმე დღეები, თვეები და წელიწადი გველის წინ.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი, 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს, რომ რაღაც მინიმალურ დონეზე მაინც იყოს ნდობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ისე, როგორც ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ხელისუფლება სიტყვის ფასს უნდა დაუბრუნდეს, დღეს მათ სიტყვას აღარ აქვს ფასი, ეს არის მათი პრობლემა. 20 ივნისი იქნება ახალი ენერგიის, განახლების, ამავე დროს ძველი პრობლემების არდავიწყების დღე. ინტერნეტში არ იქნება, იქნება რეალურ სივრცეში, შინაარსზე გავივლით კონსულტაციებს“, – განაცხადა უგულავამ.