გიგი უგულავა - 20 ივნისის გავრილოვის ღამის გამოძიებას გახარია ბარონ მიუჰაუზენივით აპირებს, ეს გამოძიება იმთავითვე განწირულია
იმ პირობებში, როდესაც ვხედავთ, რომ 20 ივნისის გავრილოვის ღამის გამოძიებას გახარია ბარონ მიუჰაუზენივით აპირებს ანუ საკუთარი თავის ქეჩოზე მოკიდებით აპირებს ჭაობიდან ამოიყვანოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გამოძიება იმთავითვე არის განწირული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ საერთოდ სხვა მიმართულებით მიჰყავს და რეალურად არ აპირებს, გასცეს პასუხი, ვინ გასცა ბრძანება ამ სისხლიან დარბევაზე, ვინ ესროლა თუნდაც მაკო გომურს და ნებისმიერ დანარჩენ მოქალაქეებს, რომლებმაც მზერა დაკარგეს, დასახიჩრდნენ და სიცოცხლისთვის იბრძვიან. ეს მიმართულება საერთოდ ჩაგდებულია. ასევე გამოსაძიებელია, რატომ მოხდა ისე, რომ თავად გახარიას ინიციატივით უნდა შემდგარიყო შეხვედრა, ყველა წინაპირობა იყო ამისთვის, რომ განმუხტულიყო სიტუაცია და მოლაპარაკების ნაცვლად, მივიღეთ პირდაპირ გაზის ტყვიების დაშენა მომიტინგეების მისამართით. ეს არის ის თემები, რომლებიც აუცილებლად უნდა დამაგრდეს სამართლებრივად დღეს იმისათვის, რომ ხვალ, როდესაც მეტ-ნაკლებად იქნება თავისუფალი გამოძიებისთვის შესაბამისი სიტუაცია, ამ კითხვებზე გაეცეს პასუხი. მე არ მაქვს ილუზია, რომ დღეს, ხვალ და ამ ხელისუფლების პირობებში მოხდება ეს, მაგრამ ოდნავ მაინც დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, ამ კითხვებზე ლეგიტიმური ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.
კითხვაზე, ოპოზიციის გეგმები შეესაბამებოდა თუ არა იმ ორი მუხლს, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო გადატრიალების მუხლით სხვა საქმეების გამოძიებაც დაიწყეს, თუმცა ბოლომდე არ მისულა.
„სახელმწიფო გადატრიალების მუხლით ივანიშვილის პირობებში პროკურატურა უკვე მესამე გამოძიებას აწარმოებს. ერთი იყო საერთოდ კლასიკა, საბურავების საქმე, რომლის ბედ-იღბალი საზოგადოებამ არ იცის. მე ეჭვი მაქვს, არც მისმა გამხმოვანებელმა ბატონმა ჭიკაიძემ, რომელიც ასევე სად არის ახლა, კაციშვილმა აღარ იცის. იყო ასევე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, 315-ე მუხლით აღძრული საქმე და შინაარსიდან გამომდინარე, იქ „რუსთავი 2“-ის ეზოში ხდებოდა თურმე სახელმწიფო გადატრიალება. რანაირად ჯდება ეს ჯანსაღი აზრის ფარგლებში, კაციშვილმა არ იცის. მესამე – აკვიატებული იდეა ცარიელი პარლამენტის შტურმის და აბსოლუტურად გულისამრევი თეორია და ვერსია რომ გაამყაროს ხელისუფლებამ, რომ პარლამენტის შტურმი იგეგმებოდა, ამისათვის ზვიად ძიძიგურიც კი, რომელიც ვარდების რევოლუციის მონაწილე იყო, ახლა მგმობელად გამოიყვანეს და სახელმწიფო გადატრიალებად ასაღებს. ეს კაკაფონია და მესიჯბოქსი მარტო ძიძიგურზე არ ვრცელდება. დადგა მთელი სახელისუფლებო ელიტა და იმისათვის, რომ ახლა ეს შეადაროს ვარდების რევოლუციას, დაიწყეს ვარდების რევოლუციის გმობა და სახელმწიფო გადატრიალებად გამოცხადება. აი ეს არის, როდესაც მორევში ჩავარდება ადამიანი. ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტია, უბედურების მორევში ტრიალებს. სპირალური ეფექტია. შევიდნენ ამ დანაშაულის მორევში და ვეღარ გამოდიან, სავარაუდოდ ვეღარც გამოვლენ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ მისი, როგორც მოწმის სტატუსი სხვა სტატუსით შეიცვლება, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ საქმე თეთრი ძაფით ნაკერია.
„ახლა არანაირი მოლოდინი არ მაქვს, თუმცა ვიცი რა, რაც არის საქმე. ძირი საქმე არის მოლოტოვის კოქტეილის, 21-ში თუ 22-ში აუყვანიათ ადამიანი და აი იმ საქმიდან დაიწყო ეს დიადი სახელმწიფო გადატრიალების საქმე. იქ არის ჩაყრილი აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური სახელი და გვარი, რომელიც თქვენ გაგიგიათ დღეს მოღვაწე. პრაქტიკულად ეს სახელმწიფო გადატრიალების საქმე იქნება, ასე ვთქვათ, ფილოსოფიურ-სამართლებრივი ნაწილობრივ იმიტომ, რომ მთავარი მოწმე, ერთდღიანი ჟურნალისტი, თუ არ ვცდები, ნათია ბერიძე, ზის, ასინეთასავით ყური აქვს მიდებული და ყვება იმას, რაც უნდა და ყველაფერი იქ არის დაკავშირებული, რომ აი, იქ იგეგმებოდა ის, რაც ვარდების რევოლუცია იყო. იმდენად თეთრი ძაფით ნაკერი სისულელეა, რომ სასაცილოდაც აღარ ღირს. ყველაზე მთავარი ის არის, 20 ივნისიდან რომ აიცილონ პასუხისმგებლობა, ეს ყველაფერი რომ შეატრიალონ სახელმწიფო გადატრიალებად, ახლა ამის კომპონენტია ისტორიის გადაწერა, რომ ვარდების რევოლუციაც თურმე შევარდნაძის კრავივით რეჟიმის ძალადობრივი დამხობა იყო. აი, ამხელა აბსურდამდეა მისული, რათა საკუთარი თავი გაამართლოს, რაღაცნაირად გამოიძვრინოს იქიდან, საიდანაც ვერასდროს გამოძვრება. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის, რომ გახარია წავიდეს,თუ ოდნავ მაინც პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის სურვილი აქვს დღეს ხელისუფლებას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.