გიგი უგულავა - 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩაინიშნა სამარცხვინო საქმეზე, ძიუდოისტი რომ ჩამიდეს აეროპორტში
13 მაისს გიგი უგულავასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ საქმეზე სასამართლო პროცესი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უგულავა ავრცელებს.
„რაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ჩემ წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის რვა საქმე, მაგრამ ეს თავისი კომიკურობითა თუ ტრაგიზმით, ძიუდოისტი რომ ჩამიდეს აეროპორტში, სამარცხვინო იყო. სამარცხვინო იყო ერთი მხრივ და მეორე მხრივ, საგანგაშო, რადგანაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ეს კაცი იყო მოგზავნილი ხელისუფლების მიერ. ბოლოში საქმე აღძრეს ჩემ წინააღმდეგ. წელიწად-ნახევარია გასული და 13-ში ჩაინიშნა სასამართლო. სხვათა შორის, ამ მუხლს „ოცნებამ“ ამნისტია გაუკეთა, მსხვერპლის თანხმობაა საჭირო ანუ გავაშელიშვილმა თანხმობა უნდა თქვას, რომ ჩემზე გავრცელდეს ამნისტია. მე არავისი თანხმობა არ მინდა. ეს იყო თავიდანვე პოლიტიკური საქმე, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი. ფაქტია, რომ ივანიშვილს სხვანაირად არ შეუძლია. გამოვიდა გუშინ ნიკა მელია და ახლა სპარტაკიადაზე ცეცხლი რომ გადაეცემოდა, ისე წამოვიდა ახალი საქმე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავას თქმით, საქმე 20 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.
„შიგნიდან, „ქართული ოცნებიდან“ ვიცი, ამბავი პირდაპირ უკავშირდება 20 ივნისს. 20 ივნისს მოლაპარაკება რომ უნდა გამართულიყო, მე და ნიკა მელია უნდა წავსულიყავით, შევხვედროდით გახარიას და ჩაგვეცხრო რამენაირად სიტუაცია. ამის ნაცვლად, დაიწყო ტყვიების სროლა და გაზის გამოშვება, რის შემდეგაც, სრულიად სამართლიანად, ერთადერთი, რაც ეკუთვნოდა ივანიშვილს, ეს იყო გინება და პირდაპირ ეთერში ვაგინე. შემდეგ გაიხსენეთ გინებებზე მათი რეაქცია, რაც გამოქვეყნდა, ბავშვებს ატერორებენ ბერას აუგად მოხსენიების გამო. ამის გამო მოხდა ეს თავდასხმა აეროპორტში და ამის გამო მოხდა შარშან ჩემი დაკავება. ანუ ეს ყველაფერი იწყება 20 ივნისიდან და ივანიშვილის მიმართ ჩემი გინებიდან. დღესაც ვუმეორებ ივანიშვილს, 20 ივნისის გამო რაც უნდა ინდულგენცია და ამნისტია მოიპოვო, 20 ივნისის გამო ქართული საზოგადოებისგან მას ეკუთვნის გინება და ასეც იქნება ყოველთვის“, – აცხადებს უგულავა.
შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. ამ საქმეზე უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარიც, რომელსაც გიორგი გაბაშვილის ცემას ედავებიან.