გიგი კალანდაძე აცხადებს, რომ პატიმრობიდან გირაოთი გათავისუფლდა და მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს
საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე აცხადებს, რომ პატიმრობიდან გირაოთი გათავისუფლდა და მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.
როგორც გიგი კალანდაძემ „მთავარ არხს“ განუცხადა, დარწმუნებულია, რომ მისი ექსტრადაცია არ დადგება.
„ეს არის ახალი ტალღა ჩემი დისკრიმინაციის, რაც საქართველოს ხელისუფლებას უბრუნდება პირიქით. ეს საქმე აღმიძრეს უკრაინაში ყოფნის დროს, 2015 წლის მიწურულს, როცა თავად ამ საქმის გამოძიება დაიწყეს 2013 წელს, სამი წლის მერე მე წამიყენეს ბრალი, ეს საქმე არის ძალიან მოგონილი და შეთითხნილი. არაფერზე დამყარებული. ამ საქმეს გაცნობილი ვარ, ეს არის ტყუილი საქმე და ჩამატებული ვარ მე იქ როგორც ერთ-ერთი ბრალდებული. ამ საქმეზე მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ექსტრადაცია არ დადგება, საექსტრადაციო პერიოდი მე შემიცვალეს გირაოთი და მე რამდენიმე კვირაში მექნება სასამართლო, სადაც სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ჩვენ ველოდებით“, – განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა გიორგი კალანდაძე ბერლინის აეროპორტში მიმდინარე წლის 19 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა გენერალური შტაბის უფროსის ყოფილ მოადგილეს მოქალაქის თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წამებას ედავება. გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, რომ გიორგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე გერმანულ მხარეს შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.