გერმანიაში ქართველი სამართალდამცველების მიერ ძებნილი გიორგი კალანდაძე დააკავეს
გერმანიაში ქართველი სამართალდამცველების მიერ ძებნილი გიორგი კალანდაძე დააკავეს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა ბერლინის აეროპორტში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გიორგი კალანდაძე 2021 წლის 19 დეკემბერს დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გიორგი კალანდაძე ე.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, და 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის ივლისში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ახალაიამ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე გიორგი კალანდაძემ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა რომან შამათავამ ერთობლივად განიზრახეს ე.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამების გზით მისგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარება.

განზრახვის განხორციელების მიზნით, მათი დავალებით, 2012 წლის 28 ივლისს საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა,ზუგდიდში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ე.კ.-ს და ხელბორკილებით, ნიღაბჩამოცმული, თბილისში მდებარე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს.

2012 წლის 29 ივლისს დავით ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ, მეგის ქარდავამ და რომან შამათავამ, სამხედრო პოლიციის შენობაში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს ე.კ. წამებისა და ცემის დროს, მას არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს. ე.კ.-მ სასტიკად წამების შემდეგ, გონება დაკარგა, თუმცა მისთვის სამედიცინო დახმარებაც კი არ აღმოუჩენიათ. წამების შემდეგ, ე.კ. შენობის ერთ-ერთ ოთახში, უმწეო მდგომარეობაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა.

გიორგი კალანდაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12-დან 17 წლამდე ვადით.

საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით, კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი