გიგა კობალაძე - საავტორო უფლებათა ასოციაციაში არანაირი ფინანსური დარღვევა არ არსებობს
ეს არის იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება და ერთგვარი დაგვირგვინება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს ჩვენ მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც გიგა კობალაძემ აღნიშნა, ასოციაციაში საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში წაიღეს დოკუმენტები.
„რუსეთმა მოახერხა და საქართველოში საავტორო უფლებების სფერო უკვე ჩაიგდო ხელში, ახლა ამით არ კმაყოფილდება და უნდა მთლიანად მოასუფთაოს ველი, ამიტომ მოიგონეს ეს რაღაცა ბინძური აბსურდი, რაღაც ფინანსური დარღვევები ვითომ. ეს არის გამოგონილი ბრალდებები. მინდა, გთხოვოთ ყველას, ნუ გადაიტანთ აქცენტებს არასწორი მიმართულებით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გამიზნულად გაკეთებული, რათა საბოლოოდ მოხდეს ჩვენი ამ სფეროდან ჩამოშორება. ყველაფრისთვის მზად ვარ, არ ვიცი, ჯერ წინასწარმეტყველებას ვერ დავიწყებ, თუმცა, რა თქმა უნდა, მიგვაჩნია, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ქართული კულტურა. არ შეიძლება, საქართველოში ხდებოდეს ის, რაც ახლა ხდება ამ სფეროში“, – განაცხადა კობალაძემ.
მისივე თქმით, არანაირი ფინანსური დარღვევა არ არსებობს.
„გამოკითხვაზე დამიბარეს ორშაბათს, ბუნებრივია, გავცემ მათ დასმულ კითხვებს პასუხს“, – განაცხადა კობალაძემ.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს.