საავტორო უფლებები საქართველოში - რომელი კომპანია დაჯარიმდა 50 000 ლარით
თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საავტორო უფლებების დაცვა რჩება. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა კლებად ნიშნულს ინარჩუნებს, ინტერნეტის არსებობის პირობებში, ავტორთა უფლებების დაცვა მაინც რთულდება.
მართალია, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოების ცნობიერება ამაღლდა, თუმცა დარღვევები მაინც გვხვდება. როგორც საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე ამბობს, ავტორთა უფლებათა დარღვევა ყველაზე ხშირად მუსიკის მიმართულებით გვაქვს.
რა მდგომარეობაა საქართველოში საავტორო უფლებათა დაცვის მიმართულებით, როგორია კანონმდებლობა და პროცედურები, ამის შესახებ პირველ არხთან საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე საუბრობს.
საავტორო უფლებები საქართველოში
მნიშვნელოვანია, რომ ახლა ავტორი უკვე ინფორმირებულია. მან იცის, როგორ დაიცვას საკუთარი საავტორო უფლებები. დაცულობის შემთხვევაში, ავტორი იღებს არა მარტო მორალურ კმაყოფილებას, არამედ მატერიალურ ჰონორარს. გამომდინარე აქედან, ავტორი გააქტიურებულია და ის ხმამაღლა აფიქსირებს ყველა იმ დარღვევას, რომელიც მის გარშემო ხდება. მისი, როგორც უფლებამოსილი პირის აქტიურობა, ძალიან მნიშვნელოვანია.
ადამიანი თუ კომპანია, რომელიც იცავს საავტორო უფლებებს, ასევე, აწარმოებს საავტორო უფლებებით დაცულ კონტენტს, აცნობიერებს, რომ უნდა გადაიხადოს გარკვეული ჰონორარი. ეს კულტურა საქართველოში ნელ-ნელა ყალიბდება.

პროცედურა
მაგალითად, თუ თქვენ გინდათ გამოიყენოთ სხვისი მუსიკა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ავტორს ან მის წარმომადგენელს. ნებართვის აღების შემდეგ, თუ ეს მასალა გადაიცემა ტელევიზიით, მედიასაშუალება ვალდებულია საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციისგან აიღოს ლიცენზია და გადაიხადოს ჰონორარი, რომელიც ნაწარმოების ავტორს გადაეცემა.
კანონმდებლობა
ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, სახელმწიფო ვალდებულია საავტორო უფლებების დაცვაზე იზრუნოს. ჩვენი კანონმდებლობა მოწესრიგებული და ჰარმონიზებულია ევროპულ კანონმდებლობასთან. საქართველოში არსებობს დაცვის ყველა ის მექანიზმი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში მოქმედებს.
საქართველოს კანონმდებლობით, გათვალისწინებულია: სამოქალაქო პასუხისმგებლობა – კომპენსაცია, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება და რიგ შემთხვევებში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც. ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა 500-დან 3000 ლარამდე მერყეობს.
ინტერნეტსივრცე

ინტერნეტ სივრცის შემთხვევაში, ავტორმა ინდივიდუალურად უნდა დაიცვას საკუთარი უფლებები. მან იურისტის დახმარებით უნდა იპოვოს საავტორო უფლების დამრღვევი და კომპენსაცია მოსთხოვოს. მთელ მსოფლიოში მთავრობები სხვადასხვა მექანიზმით ცდილობენ ინტერნეტ მეკობრეობასთან ბრძოლას.
დავა საავტორო უფლებებისათვის და Translate.Ge
2017 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქეისია დავა Translate.ge-ის ადმინისტრაციასთან. საიტი უნებართვოდ იყენებდა ისიდორე გვარჯალაძის ლექსიკონს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიას ჯარიმის სახით 50 000 ლარამდე ოდენობის თანხის გადახდა დაეკისრა. თუმცა მოგვიანებით, მხარეებს შორის გარიგება შედგა და ჯარიმის სანაცვლოდ, კომპანიამ სამართალმემკვიდრეს კონკრეტული თანხა გადაუხადა.
ჰონორარი და პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებები
რაც უფრო ხშირად გამოიყენება ავტორის ნაწარმოებები, მით უფრო მეტია ჰონორარი, თუმცა ასოციაციას კონკრეტული თანხის დასახელების უფლება არ აქვს.
რაც შეეხება პოპულარულ მუსიკალურ ნაწარმოებებს, ძალიან ხშირად ითხოვენ კომპოზიტორების: რევაზ ლაღიძის, გიორგი ცაბაძის, ბიძინა კვერნაძის, გია ყანჩელის და სხვ, ნამუშევრებს.
ამასთან, საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევები ყველაზე ხშირად მუსიკის მიმართულებით გვხვდება.
სამართალმემკვიდრეობა
ავტორის გარდაცვალების შემდეგ სამართალმემკვიდრეობა 70 წლის განმავლობაში მოქმედებს. ვადის გასვლის შემდეგ ნამუშევრის გამოყენება ყველას შეუძლია.
ინფოგრაფიკა – საავტორო უფლებათა დარღვევები (2014-16 წლები)