გიგა ბოკერიამ უმრავლესობას მიმართა - როდის იხმართ ტერმინ სამარცხვინოს სალომე ზურაბიშვილზე
თქვენ საოცარი რამე გისწავლიათ ავტორიტარული რეჟიმებისგან, რუსულ პროპაგანდას რომ ეძახიან, რაც უფრო დიდ აბსურდს იტყვი ხალხი დაიბნევა და აიზილება, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
გიგა ბოკერიამ ირაკლი კობახიძეს წესების დაცვისკენ მოუწოდა.
„ბატონო ირაკლი, თქვენ უნდა დაიცავთ წესები, თქვენთან მომართვა არის რიტორიკის ნაწილი. მე თქვენ არ მიმაჩნიხართ ძალაუფლების ცენტრად, უბრალოდ თავმჯდომარე ბრძანდებით და მოგმართავთ, მაგრამ ახლა მოგმართავთ თქვენს განცხადებაზე. თქვენ ორი დღის წინ კაცობრიობის წინაშე ყველაზე დიდ დანაშაულში, ჰოლოკოსტში გვადანაშაულებდით. თქვენ საოცარი რამე გისწავლიათ იმ ავტორიტარული რეჟიმებისგან, რუსულ პროპაგანდას რომ ეძახიან, რაც უფრო დიდ აბსურდს იტყვი, ხალხი დაიბნევა და აიზილება. რა გამოსვლები გვესმის აქ, რომ ხალხო, ვიყოთ კორექტულები ერთმანეთთან, ნაძირლებო, ბავშვის მკვლელებო, დაგხვრიტავთ ახლავე, ნუ ხმარობთ არაკორექტულ ტერმინებს, აი ასეთი გამოსვლები გაქვთ და თქვენ გგონიათ, ხალხი ამას ვერ ხედავს? “, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიამ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან სამარცხვინო განცხადებები გააკეთა.
„სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწო. თქვენ მიხვდით, რომ ზუსტი ციტატაც შემიძლია მოგიყვანოთ. ამას გარდა მერე თქვა, როგორც მედვედევი იძახდა – მძინარე ცხინვალი დაბომბესო, საკუთარ მოსახლეობას რომ ბომბავდა ხელისუფლებაო, ზუსტად რუსული ნარატივი. თქვენ თავიდან აღშფოთდით, იყო განცხადებები ოცნებიდან, რომ არ ვეთანხმებით, გვარებს არ გავიხსინებ. მერე რომ დარწმუნდით, ბიძინას გადაწყვეტილებაა, რომ სალომე უნდა იყოს კანდიდატი, შეიკარით, როგორც თქვენ გჩვევიათ და დაიწყეთ ნარატივი, რომ ეს კარგი განცხადებებია. ცოტა შესწორებები შეატანინეთ. მაგრამ ესეც არ არის სამარცხვინო საქციელი. შემდეგ მოიფიქრეთ გენიალური სვლა, ამოიღეთ რეზოლუცია, სადაც ცუდი მუხლია, რომელიც რუსეთმა გაიტანა, ჩვენ ჩვენი ვერ გავიტანეთ და თქვით, ეს არის ღალატიო. იმ მუხლში წერია ზუსტად ის, რასაც სალომე ამბობს. გგონიათ, რომ ბრმა და ყრუ არის ყველა. გგონიათ, აქ რომ გამოხვალთ და გვეტყვით, ეს იყო ღალატი და იქვე, რომ იძახით, სალომემ რაც თქვა სწორია, სალომემ რაც თქვა, ის წერია რეზოლუციაში, რომელსაც თქვენ ღალატს ეძახით. ამას ერთდროულად როგორ ახერხებთ. ის მეთოდი გაქვთ, რაც რუსულ პროპაგანდას”, – აღნიშნა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიამ მიმართა უმრავლესობას და ჰკითხა, „როდის იხმართ ტერმინ სამარცხვინოს სალომე ზურაბიშვილზე“.
„ახლა სამცხე-ჯავახეთში ჩავიდა და პირდაპირ რუსული ნარატივი გაიმეორა, ჩემი ოპონენტი თურქების საქმეს აკეთებდაო, მაშინ აღშფოთდებით აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეებთან რომ ჩავა და თუ იტყვის ის ოპონენტები სომხები არიანო და გვიპყრობენო? რა უნდა ქნას, ასლან აბაშიძის დროშა უნდა ააფრიალოს აჭარაში? როდის გეყოფათ ზღვარი რომ მიხვდეთ, რომ ეს სამარცხვინო კი არ არის მარტო, საშიშია ქვეყნისთვის და არა ჩვენთვის. თქვენი ლანძღვა საერთოდ არ მაღელვებს ემოციურად, ცუდ რამედ მიმაჩნია ქვეყნის კულტურისთვის და სახიფათოდ ატმოსფეროსთვის. თქვენთვის სხვა მეთოდია უფრო ეფექტური, თქვენთვის ყველაზე საშიში კანდიდატის, დავით ბაქრაძის იგნორირება”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.