გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა „ევროპული საქართველო“ დატოვეს
გიგა ბოკერიამ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა და პარტია დატოვა. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პარტიაში პრაიმერიზის ჩატარების წესმა უთანხმოება და სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია.
„საზოგადოებამ იცის, რომ ევროპულ საქართველოში ჩატარდა პრაიმერიზი, დასრულდა ეს პროცესი. მიუხედავად ხარვეზებისა, ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი საქართველოს პოლიტიკურ კულტურაში, როდესაც წინასწარ რეგისტრირებულმა დელეგატებმა შეარჩიეს საპარლამენტო სია. სამწუხაროდ, ამ პროცესს პარტიის შიგნით მოჰყვა სერიოზული დაპირისპირება. პარტიის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც შედეგები, ისე, განსაკუთრებით, ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის პოზიცია. კერძოდ, მე მხარი დავუჭირე ამ კონკურენციაში მეორე სიას, რადგან ვთვლიდი, რომ მეორე სიაში უკეთ იყო წარმოდგენილი ის გუნდი, ვინც ლომის წილი შეიტანა იმ პროცესებში, რაც ჩვენს პარტიაში ბოლო სამი წლის განმავლობაში ხდება. ძალიან რთული მდგომარეობიდან ჩვენს პარტიას ჰქონდა ზრდა, შეიქმნა სერიოზული შინაარსი და კამპანია. ეს ჩვენი კონკურენტების კვლევებმაც დაადასტურეს. სამწუხაროდ, პარტიის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, გენერალურმა მდივანმა, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ეს ასე არ ჩათვალეს. საკითხი მივიდა სერიოზულ დაპირისპირებამდე. დაისვა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც ამ პარტიის თავმჯდომარის.
მე ვთვლი, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ისედაც სერიოზული კამპანია მიდის „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ „ხმების გაფლანგვის საფრთხესთან“, დაკავშირებით, ხმების ჩუქებასთან დაკავშირებით რეჟიმისთვის, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ასეთი დაპირისპირების გაღრმავება შეუძლებელს გახდის კამპანიის წარმატებით ჩატარებას. ასევე, ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია პრაიმერიზის წესმა. ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რომ ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიეღო მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური ძალის აქტიურ მხარდამჭერებს. ეს იყო თავდაპირველი შეთანხმება. სამწუხაროდ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ და მისმა მხარდაჭერებმა ეს გადაწყვეტილება შეცვალეს, როგორც ჩანს, კონკურენციაში თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე და პოლიტსაბჭოს უმრავლესობამ ამას მხარი დაუჭირა. ესეც ძალიან სერიოზული ფაქტორი იყო ამ დაპირისპირებისთვის.
მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას, როგორც პარტიის თავმჯდომარე, საპარლამენტო არჩევნებზე ამ მდგომარეობაში მყოფ პარტიის წარდგენაზე. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან, არ მივიღო მონაწილეობა შემდეგ არჩევნებზე ყრილობაზე, რომელიც დანიშნულია 11 აგვისტოს.
ამასთან, ამ ვითარებამ გამოავლინა ჩემთვის სრულიად მოულოდნელი ფასეულობითი კონფლიქტი ჩემს იქამდე უახლოეს პოლიტიკურ პარტნიორთან, აკაკი ბობოხიძესთან და მის მხარდამჭერებთან. ამიტომ მე ვერ დავრჩები ვერც საპარლამენტო სიაში და ვერც პოლიტიკურ გუნდში. უკვე პარტიის შიგნით დაპირისპირების გაღვივების გარეშე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, გიგი წერეთელს, გენერალურ მდივანს, აკაკი ბობოხიძეს და იმ გუნდს, ვინც იქ რჩება, ექნებათ საშუალება, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები პარტიის სტრატეგიის და მომავლის თაობაზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ამასთან, როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი, პარტია დატოვა თამარ ჩერგოლეიშვილმაც.
„მე პარტიის არც თანამდებობის პირი ვყოფილვარ, არც ოფიციალური წევრი, 2021 წლის გაზაფხულზე შევუერთდი მიწასთან გასწორებულ პარტიას. ჩემთვის ეს საინტერესო გამოწვევა იყო სწორედ იმიტომ, რომ პარტია მიწასთან იყო გასწორებული და მეგონა, ძველ მანკიერებებთან ნაკლები ბრძოლა მომიწევდა და პირდაპირ შევძლებდი ახალი წესების დანერგვას. თუმცა, ვხედავდი რა გიგი წერეთელს და კაკო ბობოხიძეს, ბუნებრივია, ჩემი განზრახვების შესრულებაში ეჭვი მეპარებოდა. ორწელიწად-ნახევარი გარედან, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე ვიმუშავე. რაც ამ ხნის პერიოდში გაკეთდა, ყველაფრის იდეა და განხორციელება იყო იმ გუნდის, რომელსაც წარმოვადგენ“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.