გიგა ბოკერია - ვერ გავიგე, ირანში ვცხოვრობთ, თუ სად ვართ, რა შუაშია, რომ მეუფე იაკობმა შენდობა ითხოვა
გიგა ბოკერია - ვერ გავიგე, ირანში ვცხოვრობთ, თუ სად ვართ, რა შუაშია, რომ მეუფე იაკობმა შენდობა ითხოვა

გასაოცარია, ივანიშვილმა ასეთი დახვეწილი იუმორის ამდენი ადამიანი როგორ იპოვნა ერთად, ერთ პოლიტიკურ გუნდში, ეს ბატონი ივანიშვილის საოცარ იუმორზე მეტყველებს ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიამ უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ანრი ოხანაშვილის განცხადებას, რომ „ევროპული საქართველო“ სერიოზულობის ფარგლებს გასცდა.

„რეალურად, მთავარი საგამოძიებო კომიისიის დასკვნა იქნება ერთ წელიწადში, არჩევნებზე, სადაც ივანიშვილის ყველა მარიონეტს, თავის განაჩენს ამომრჩეველი გამოუტანს საზოგადოების ასეთი დაცინვისთვის, რადგან პარლამენტის ფუნქცია არის ასეთი საქმეების გამოძიება“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერია გამოეხმაურა ოპონენტების რეპლიკას, რომ პარლამენტი პროკურატურად ვერ გადაიქცევა.

„რა შუაშია პროკურატურა, როგორ იყო სარალიძის საქმეზე, როდესაც ჩათვალეს საზოგადოებრივი ზეწოლის ქვეშ, რომ უნდა დაეთმოთ და შემდეგ ჩათვალეს ასევე, რომ ხელები დაეწვათ, რადგან იმ კომისიამ დადო კონკრეტული დასკვნა მტკიცებულებებით. აღნიშნული გამოცდილება ასე მიიღეს, რომ მეტი ასეთი შეცდომა აღარ უნდა დაუშვან, თორემ თავად თქვა „ქართული ოცნების“ სპიკერმა, რომ აღშფოთებულები იყვნენ შეწყალების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებებით, უტიფარი გადაწყვეტილებებით, რომლებზეც პრეზიდენტმა არანაირი პასუხი არ გასცა, რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა. ჩვენ გვესმის, რომ ეს მისი დისკრეციაა, მაგრამ როდესაც არის კითხვის ნიშნები, საფუძვლიანი ეჭვია, რომ აქ შეიძლება კორუფციას ჰქონდა ადგილი, ან ნეპოტიზმს, მათივე ინტერესში არ უნდა იყოს, რომ გამოვიძიოთ?“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, პარლამენტი ერთვება მაშინ, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროკურატურა არ ან ვერ იძიებს საქმეს. ბოკერია მიიჩნევს, რომ მეუფე იაკობის განცხადებებზე საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.

ბოკერია ამბობს, რომ  პროკურატურას მეუფე იაკობი უნდა დაეკითხა, ვინაიდან, მისივე შეფასებით, იაკობის განცხადებებში სერიოზული ბრალდებები იკვეთებოდა.

„იგივე შემიძლია ვთქვა მეორე საქმეზეც, სადაც არის მოთხოვნილი სასულიერო პირის განცხადებებზე კომისიის შექმნა. როცა ხელისუფლებასთან თავის დროზე დაახლოვებული პირი და მეუფე იაკობი იყო დაახლოებული ხელისუფლებასთან, ასეთ განცხადებებს აკეთებს, შემდეგ თქმა იმის, რომ მან შენდობა ითხოვა და ამიტომ პროკურატურამ არ უნდა დაკითხოს. ვერ გავიგე, ირანში ვცხოვრობთ, თუ სად ვართ, რა შუაშია შენდობა ითხოვა თუ არა. მისი საქმეა, ითხოვს თუ არა შენდობას. პროკურატურაში დაკითხვა არის ფიცის ქვეშ დაკითხვა, რომელსაც სამართლებრივი შედეგები აქვს. ანუ ცრუ ჩვენების მიცემა არის დასჯადი. გამოძალვაზე იყო საუბარი, მაგალითად, ხელისუფლების მხრიდან, რომ სასულიერო პირების ჩართვა ხდებოდა ამ საქმეში, ან მცდელობა ჩართვის, ეს არის სერიოზული ბრალდებები, პოლიტიკურ შეფასებებზე კი არ ვლაპარაკობთ, სერიოზულ ბრლდებებზე ვლაპარაკობთ და უნდა დაეკითხათ იმ დათქმით, რაც დაკითხვას მოჰყვება ხოლმე, რომ ცრუ ჩვენებისთვის არის დასჯა. აბსოლუტურად ბუნებრივია გამოძიების მოთხოვნა, როდესაც პროკურატურამ გააკეთა განცხადება  აბსურდული, რომ მეორე დღეს უარყოო რაღაც ნაწილი და ამიტომ აღარ დავკითხავთო. ეს ბრალდებები სერიოზული არის თუ არა და რას უარყოფს ესა თუ ის პირი, რას არა, ეს უნდა გაირკვეს დაკითხვაზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „ევროპული საქართველო“ გასცდა სერიოზულობის, რაციონალურობის ფარგლებს და მანიპულირებენ, რომ რაიმე ფორმით დღის წესრიგში იყვნენ.