გიგა ბოკერია - ვაშაძის პარტიისა და „ლელოს“ ინიციატივა ამ მომენტსა და კონტექსტში შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს რეჟიმისთვის, რომელმაც თითქმის ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, მსგავსი მოწოდება სისუსტედ იქნება აღქმული
ამ ორ პოლიტიკურ ძალას აქვს კონკრეტული პოლიტიკური ინსტრუმენტი ივანიშვილის რეჟიმზე დამატებითი ზემოქმედებისა, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი ამას არ განიხილავენ, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია გიორგი ვაშაძისა და „ლელოს“ ინიციატივას.
მისივე თქმით, გიორგი ვაშაძისა და „ლელოს“ ინიციატივა ამ მომენტში შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს.
„სამწუხაროდ, გიორგი ვაშაძის პარტიისა და „ლელოს“ ინიციატივა ამ მომენტსა და კონტექსტში შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს. ამ პოლიტიკურ ძალას აქვს კონკრეტული პოლიტიკური ინსტრუმენტი ივანიშვილის რეჟიმზე დამატებითი ზემოქმედებისა, პარლამენტის დატოვების სახით, მას შემდეგ, რაც ამ რეჟიმმა სულ ცოტა ხნის წინ მიღებული წინა შეთანხმება დაარღვია, მაგრამ ამის გამოყენებას არ აპირებენ და როგორც ჩანს, პერსპექტივაშიც არ განიხილავენ. ასეთ ვითარებაში, რეჟიმისთვის, რომელმაც თითქმის ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, მსგავსი სახის მოწოდება მხოლოდ სისუსტედ იქნება აღქმული“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის მიზნით, მხარეებს სამოქმედო გეგმას სთავაზობს.
ვაშაძის თქმით, პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგება ერთი მხარის გამარჯვებისა და მეორე მხარის დამარცხების ხარჯზე.
„საჭიროა გონივრული, პრაგმატული კომპრომისები ყველა მხრიდან, რისთვისაც გთავაზობთ არა რომელიღაც ჯგუფის, ოპოზიციის ან ხელისფლების გამარჯვების სამოქმედო გეგმას, არამედ სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებისა და საქართველოს გამარჯვების სტრატეგიას“, – განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, განცხადება გაავრცელა პარტია „ლელომ“, სადაც აღნიშნულია, რომ ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს.
„ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობა პრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობის ფონზე ყოველდღიურად მძიმდება. გახლეჩილ საზოგადოებაში ემოციები უკიდურესად მძაფრდება და სიტუაცია უკვე ფეთქებადსაშიშია. პროცესი აშკარად მიექანება ქაოსისა და სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ. ამ ვითარებაში, რაც უნდა ღრმა იყოს პოლიტიკური და პერსონალური დაპირისპირება, ქართველი ერისა და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, ყველამ უნდა გამოვძებნოთ რესურსი გონივრული შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად“, – ნათქვამია განცხადებაში.