გიგა ბოკერია - ვადამდელ, ნორმალურ არჩევნებს შეუძლია, კრიზისის განმუხტვა და ამ ქვეყანაში იმ იდეის გადარჩენა, რომ ხელისუფლების შეცვლის ან შენარჩუნების გზა არჩევნებია
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მთლიანი ოპოზიციის პოზიცია, მცირე გამონაკლისებით, არის იგივე, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, რომ მხოლოდ ვადამდელ, ნორმალურ არჩევნებს შეუძლია, ამ კრიზისის განმუხტვა და გადარჩენა ამ ქვეყანაში იდეის, რომ არჩევნებია გზა ხელისუფლების შეცვლის ან ხელისუფლების შენარჩუნების.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ იდეის გადასარჩენად საჭიროა ვადამდელი, ნორმალური არჩევნები და ამის ნაწილი აუცილებლად უნდა გახდეს პოლიტპატიმრების განთავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციისა და რეგულაციების ცვლილება და შესაძლოა, სისტემის ცვლილებაც კი.
„ევროპული საქართველოს“ და სხვა მთელი სპექტრის, მცირე გამონაკლისებით, პოზიცია არის იგივე, რაც ჩვენ მივიღეთ, რომ მხოლოდ ვადამდელ ნორმალურ არჩევნებს შეუძლია, განმუხტვა ამ კრიზისის და გადარჩენა ამ ქვეყანაში იდეის, რომ არჩევნებია გზა ხელისუფლების შეცვლის ან ხელისუფლების შენარჩუნების და არა რაიმე სხვა და არა შეგუება იმასთან, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს, ის წყვეტს როდის დათმობს ძალაუფლებას.
ამისთვის საჭიროა ვადამდელი ნორმალური არჩევნები და ამის ნაწილი აუცილებლად უნდა გახდეს პოლიტპატიმრების განთავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციისა და რეგულაციების ცვლილებით და ამის ნაწილი შეიძლება, გახდეს სისტემის ცვლილებაც“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, საარჩევნო კანონებს, ბარიერს, ადმინისტრაციასა და რეგულაციებს აქვს არსებითი მნიშნელობა და მათი გაუმჯობესება ქვეყნისთვის არის კარგი, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ არის აზრს მოკლებული, თუ არსებობს ტრადიცია ამ წესების დაცვის.
„გარდა მცირე გამონაკლისებისა, ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ კანონებს, რომლებიც ქაღალდზე წერია, საარჩევნო წესებს, მათ შორის რამხელაა ბარიერი, როგორია საარჩევნო ადმინისტრაცია და რეგულაციები, აქვს არსებითი მნიშვნელობა და აქ გაუმჯობესება არის ქვეყნისთვის კარგი, ოღონდ ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ არის აზრს მოკლებული, თუ არსებობს ტრადიცია ამ წესების დაცვის. ის პრობლემები, რაც შეეხებოდა ჩაყრას და მერე გადაღებულ ინციდენტებზეც კი ჩაყრის, რომელიც მარნეულში იყო, არ გამოძიება საქმის, ამომრჩევლების მოსყიდვას კოვიდის დროს, უტიფრად, სისხლის სამართლის კამპანიის დაწყებას გარეჯის საქმეზე, ეს კანონით კი არ არის დაშვებული, პირიქით, კანონით აკრძალულია, კანონის იგნორირებით ხდება ეს ყველაფერი.
ამიტომ, ილუზიაა, თუ ვინმეს გულწრფელად ჰგონია, რომ მხოლოდ დაწერილი კანონების გაუმჯობესებით და იმ ტრადიციის შენარჩუნებით, რომ კანონები შეგიძლია ფეხებზე დაიკიდო, შეცვლი ვითარებას უკეთესობისაკენ. აქ საჭიროა ამის კომბინაცია, არ დაშვება პრეცენდენტის, რომ კანონის დარღვევით შეგიძლია ძალაუფლება შეინარჩუნო , ძალადობით, ჩაყრით, მოსყიდვით და სისხლის სამართლის დევნის პოლიტიკურად გამოყენებით, ეს პროცესი არ უნდა დავუშვათ და რა თქმა უნდა, წესებიც უნდა გააუმჯობესო, ოღონდ ეს მხოლოდ ერთ პაკეტში“, – განაცხადა ბოკერიამ.