გიგა ბოკერია - შევადარეთ მონაცემები, თუ რამხელა მასშტაბი ჰქონდა ამ სამარცხვინო გაყალბებებს წინა ორ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა, გიგა ბოკერიამ და სერგი კაპანაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც 2020 წლის არჩევნების შედეგები შეადარეს წინა ორ საპარლამენტო არჩევნებს.
ბოკერიას თქმით, საკმაოდ ლეგიტიმური კითხვა არსებობს საზოგადოებაში, თუ რატომ მიიღო „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვეტილება, რომ არ შესულიყო პარლამენტში.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ წინა ორ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, გაყალბების მასშტაბი ძალიან დიდია.
„საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ყველა კომპეტენტური დამკვირვებელი შეთანხმებულია იმაზე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი, რომ მთელმა წინასაარჩევნო კამპანიამ და შემდეგ საარჩევნო დღემ და ღამემ ჩაიარა უმძიმესი დარღვევებით, ამის გარშემო არის სრული კონსენსუსი, მაგრამ იმ უპრეცედენტო გადაწყვეტილების ფონზე, რაც მიიღო მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა, რომ ისინი არალეგიტიმურად ცნობენ, ჩვენ, „ევროპული საქართველო“ და ყველა სხვა პოლიტიკური პარტია არალეგიტიმურად ცნობს ამ არჩევნებს და არ აპირებს ამ პარლამენტში მონაწილეობის მიღებას.
ისმის ხოლმე კითხვები, მათ შორის ლეგიტიმური წყაროებიდანაც, თუ როგორ ვზომავთ, რამდენად დიდი იყო ამ დარღვევების ეფექტი საბოლოო შედეგზე და ისმის ხოლმე კითხვა, რა განსხვავება იყო ამ არჩევნებსა და 2016 წლის არჩევნებს, ან წინა საპარლამენტო არჩევნებს შორის, რადგან ჩვენ გვაქვს ტრადიცია სერიოზული პრობლემებისა საარჩევნო კამპანიის დროს, პირველი არ არის ეს არჩევნები, სადაც პრობლემები იყო და რით გამოვარჩიეთ ჩვენ, „ევროპულმა საქართველომ“ ეს არჩევნები, როდესაც მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში მონაწილეობას არ მივიღებთ, ეს ლეგიტიმური კითხვაა და ჩვენი აზრით იმ მაგალითებთან ერთად, რაც იხილა საზოგადოებამ ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან საინტერესო იყო შეჯერება გარკვეული მონაცემების, რთულია ხშირად დაჭერა იმ ეფექტის, რაც მოაქვს დაშინებას, მოსყიდვას, და სხვა მეთოდებს, მიუხედავად ამისა, ჩვენმა გუნდმა, ძალიან თვალნათელი შედარება მოახდინა იმ მონაცემების, როგორია დინამიკა ამ პრობლემების, რომელიც არსებობდა და რამხელა მასშტაბი ჰქონდა ამ სამარცხვინო მეთოდებს შედარებით წინა ორი საპარლამენტო არჩევნებისგან“, – განაცხადა ბოკერიამ.
თავის მხრივ, როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, როგორც დაუბალანსებელი უბნების, ისე ე.წ კარუსელების, ცარიელი კონვერტებისა და ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობა დრამატულად განსხვავდება წინა არჩევნების რაოდენობისგან.
კაპანაძის თქმით, გაყალბების მასშტაბმა საბოლოოდ შეცვალა ბალანსი იმას შორის, თუ ვინ მიიღო ხალხის ნდობის მანდატი.
„ძალიან დიდია განსხვავება წინა წლებში არსებულ ანალოგიურ დარღვევებს შორის, აქ საუბარია ორი ტიპის პრობლემაზე, ერთი ეს არის ე.წ ბიძინას კარუსელი, სადაც ხმების გაკონტროლება ხდება კარუსელის მეშვეობით და მეორე ეს არის ჩაყრილი ბიულეტენები, ანუ სადაც ხდება უბრალოდ ბიულეტენების დამატება მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
მაგალითად, უბნების რაოდენობა, სადაც დაუბალანსებელი იყო რიცხვები, არის გაზრდილი, 2012 და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, დაახლოებით 20 %-ით არის გაზრდილი ეს მონაცემი ამ არჩევნებზე.
ცარიელი კონვერტების რაოდენობა, რაც მიუთითებს კარუსელების არსებობას არის გაზრდილი 300%-ით წინა არჩევნებთან შედარებით, ანუ დრამატული სხვაობაა, აქ არ არის საუბარი, რომ მხოლოდ ერთეული შემთხვევაა განსხვავება.
ასევე, ეფექტი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო ამ კარუსელების გამო, არის ასევე სამჯერ მეტი. ანუ დაახლოებით 210 000 ხმა იყო გაკონტროლებული ამ არჩევნებზე. ასევე გაზრდილია იმ უბნების რაოდენობა, სადაც მოხდა ასეთი ტიპის კარუსელების ამოქმედება წინა ორ არჩევნებთან შედარებით.
ასევე საგულისხმოა ჩაყრილი ბიულეტენები, თუ მაგალითად, 2016 წელს იყო 49 უბანი, ახლა არის ხუთჯერ მეტი, ანუ 2019 უბანი.
ამ არჩევნების დროს მოხდა მასშტაბური გაყალბება, იყო ისეთი ტიპის კარუსელები, რომლებმაც გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე ფუნდამენტურად, გავლენა იყო დრამატული, რამაც შეცვალა ბალანსი იმას შორის, თუ ვინ მიიღო ხალხის მანდატი ქვეყნის სამართავად“, – განაცხადა კაპანაძემ.