გიგა ბოკერია - საქართველოს ისტორიაში პოლიტიკური მოტივით დევნის ფურცელი უნდა დაიხუროს
გიგა ბოკერია - საქართველოს ისტორიაში პოლიტიკური მოტივით დევნის ფურცელი უნდა დაიხუროს

საქართველოს ისტორიაში პოლიტიკური მოტივით პოლიტიკური ლიდერების დევნის ეს ფურცელი უნდა დაიხუროს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განაჩენზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევაა გუნდი, რომელიც ექვსი წელია ხელისუფლებაშია.

„საქართველოს ისტორიაში პოლიტიკური მოტივით პოლიტიკური ლიდერების დევნის ეს ფურცელი უნდა დაიხუროს, ეს სჭირდება ქვეყანას. ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომ ჩვენ გვყავს მთავრობა, ივანიშვილის გუნდი, რომელიც 6 წლის თავზე ხელისუფლებაში ყოფნისა არის კონცენტრირებული ამაზე. სხვა არაფერი სათქმელი რეალურად არა აქვს, გარდა ჩავარდნებისა. ეს არის პრობლემა და ამას არჩევნების გზით წერტილი უნდ დავუსვათ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დღეს ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.