გიგა ბოკერია - სამწუხაროდ, მდგომარეობა უფრო მძიმეა, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტის კონკრეტულ სპიკერს აქვს შეხედულება
გიგა ბოკერია - სამწუხაროდ, მდგომარეობა უფრო მძიმეა, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტის კონკრეტულ სპიკერს აქვს შეხედულება

სამწუხაროდ, მდგომარეობა უფრო მძიმეა, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტის კონკრეტულ სპიკერს აქვს შეხედულება, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებას ოპოზიციისადმი, რომ პარლამენტში შევიდნენ.

მისივე თქმით, ოპოზიციას მცდელობა ჰქონდა, რომ კანონიერი გზით ესარგებლა და 800-მდე საჩივარი შეიტანა, თუმცა ცესკო-მ არც კი განიხილა.

ბოკერიას განცხადებით, იმ ვითარებაში, როდესაც უზურპირებულია საარჩევნო კომისია და სასამართლო, რჩება მხოლოდ სამოქალაქო პროტესტის გზა.

„სამწუხაროდ, მდგომარეობა უფრო მძიმეა, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტის კონკრეტულ სპიკერს აქვს შეხედულება. პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა სადაც არ იყო საჭირო, ინსტიტუციები იქ შექმნა, ხოლო სადაც შექმნის პროცესში იყო, იქ ჩამოშალა. ეს ვითარება არ გვაქვს, რომ ინსტიტუტებით ვისარგებლოთ. მცდელობა იყო, ოპოზიციამ ყველა ლეგალურ გზას მიმართა, 800-მდე უბნის საჩივარი იყო დაწერილი და სრულიად უტიფრად, არც კი განიხილეს. არგანხილვის მიზეზები საოცარი იყო. ჩემთვის ყველაზე უფრო ნიშანდობლივი იყო ის, რომ ჩვენს წარმომადგენელს უთხრეს, საჩივარში რატომ გიწერია შენი მისამართი და არა პარტიისო.

სამწუხაროდ, ეს გზა უკვე დახშულია. შედარებით ნორმალურ ვითარებაში ეს ამბავი ამ გზებით უნდა ხდებოდეს, მაგრამ როცა სამარცხვინო ოლიგარქს უზურპირებული აქვს საარჩევნო კომისია და სასამართლო, ეს გზა აღარ არსებობს. არსებობს სამოქალაქო პროტესტის და წნეხის გზა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს.