გიგა ბოკერია - როდესაც უუქმებენ რეგისტრაციას მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც მანიპულირებული ციფრებითაც კი 27 პროცენტი მიიღო, ეს არის პუტინის მართვის მოდელი
გიგა ბოკერია - როდესაც უუქმებენ რეგისტრაციას მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც მანიპულირებული ციფრებითაც კი 27 პროცენტი მიიღო, ეს არის პუტინის მართვის მოდელი

როდესაც მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც მანიპულირებული ციფრებითაც კი 27 პროცენტი მიიღო, უუქმებენ რეგისტრაციას, ეს არის პუტინის რუსეთის მართვის მოდელი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ბოკერიას შეფასებით, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებები მოწმობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ნერვებმა უმტყუნა.

„ჩვენ ახლა ყველამ ვუსმინეთ ივანიშვილის მთავარ პოლიტიკურ კლოუნს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და შეფასება, რომელიც პირველი მომდის თავში მეც და ჩემს ბევრ პარტნიორსაც არის ის, რომ ივანიშვილს მორიგ ჯერზე ნერვებმა უმტყუნა. ამის შედეგია ეს გულწრფელი განცხადებები, რაც მოვისმინეთ კობახიძისიგან, სადაც პირდაპირ ითქვა ის, რაც ჩვენ კი ვიცით, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმი ამის ღიად თქმას ერიდება ხოლმე, რომ სურთ პოლიტიკური ავტორიტარული რეჟიმის დამყარება, შეიძლება ითქვას, ბოლომდე გაღმა გასვლა. რეჟიმი, სადაც მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც ცესკო-ს ამ მანიპულირებული ციფრებითაც კი 27 პროცენტი მიიღო, უუქმებენ რეგისტრაციას, ეს არის პუტინის რუსეთის მართვის მოდელი. სწორედ პუტინის რუსეთშია ეს მეთოდი, რეგისტრაციიდან მოხსნა. ის კრიზისი, რომელიც ივანიშვილმა თვითონ შექმნა თავისი უპასუხისგმებლო, მავნებლური და უტიფარი ნაბიჯებით, გასაგები ხდება.

ამ მომენტში პოლიტიკური ბოიკოტის ბოლომდე გაფორმება და პირველად საქართველოს ისტორიაში ერთპარტიული პარლამენტის შექმნა არის კიდევ ერთი და არა ერთადერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც მათ ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის მომავალში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერია ასევე გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატის მანდატს და დაფინანსებას შეუწყვეტს ყველას, ვინც შესაბამისი განცხადებით მიმართავს პარლამენტს.

„როგორც ჩანს ერთ ნაწილში „გონივრულობამ“ გამოანათა. როცა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტიდან გასვლის განცხადებებს დაწერდნენ და კობახიძე იმუქრებოდა, არ გაგიშვებთ პარლამენტიდანო, ახლა შემოტრიალება გადაწყვიტა და აი, ვინც დაწერთ, იმათ ახლავე შეგიწყვეტთო. ჰგონია, რომ გააორმაგა და „დავი“ თქვა. უნდა, რომ ამით დააწვინოს ოპონენტები. როგორც ყოველთვის, ახლაც ცდება. როცა ნერვები უმტყუნებს ივანიშვილს, ასეთ დროს ყველაზე მძიმე შეცდომებს უშვებს.

ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის მტკიცე პროტესტის ფაზის მტკიცე პოზიციით ჩამთავრება, ვგულისხმობ არალეგიტიმური პარლამენტის სრულფასოვან ბოიკოტირებას, შემდეგ სამოქალაქო პროტესტის სხვადასხვა ინტენსივობით გაგრძელება და იმის მიღწევა, რასაც ჰქვია ხელისუფლების არჩევის დაბრუნება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას, ბოკერიამ განაცხადა, რომ ამაზე საუბარი არასერიოზულია.

„არასერიოზულია იმაზე ლაპარაკი რომ, შემოდით პარლამენტში და ჩვენ შევქმნით კომისიას. მე არ ვაპირებ ამ სახის დეტალებზე საუბარს, ბატონმა კობახიძემ ისაუბროს თუ სურს, ეს არაფერს არ ცვლის ჩვენთვის. ასეთ სატყუარას გეუბნება მისი გუნდი, რომელსაც რეპუტაცია ნული აქვს. პროპორციული რომ ჰქონდათ ნათქვამი და გადააგდეს საზოგადოება, მერე ეკიდათ ფეხებზე და ახლა რომ გეუბნებიან შემოდით და კომისიას შევქმნიო, ის კომისია როგორი იქნება და მერე რომ დაემორჩილებიან იმის დასკვნას, ძალიან არასერიოზულია ეს. ჩვენი პოზიცია არის მყარი – კრიზისიდან გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები ან ვადამდელი არჩევნებისკენ მიმავალი ნაბიჯები. ნორმალურ არჩევნებს სჭირდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემის შეცვლა, საარჩევნო ადმინისტრაციიის შეცვლა, მთელი ეს პაკეტი ჩვენ მათთან წარდგენილი გვაქვს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ შექმნის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას. მისივე თქმით, თუ დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, თავად კი დატოვებს ყველა პოლიტიკურ თანამდებობას. ასევე, კობახიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მეათე მოწვევის პარლამენტში დააინიცირებს კანონპროექტს, რომლის თანახმად, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.