გიგა ბოკერია - რასაც აქამდე თავად მედია არეგულირებდა, ახლა სახელმწიფოს ხელში გადადის
სიძულვილის ენასთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიის ინიციატივას „ევროპული საქართველოს წევრი“ დეპუტატი გიგა ბოკერია მედიის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საგანგაშო მცდელობად მიიჩნევს.
როგორც ბოკერიამ დღეს განაცხადა, თემის სპიკერი თავდაპირველად იყო სალომე ზურაბიშვილი, ამას დაემთხვა ემზარ კვიციანის ინიციატივა გრძნობების დაცვაზე, რასაც მოჰყვა „ივანიშვილის ერთ-ერთი ინსტრუმენტის, მარეგულირებელი კომისიის პროექტი“.
„ეს პროექტი პირდაპირ საუბრობს, რომ მათი კონტროლი უნდა გავრცელდეს მთელ ინტერნეტზე, რასაც აქამდე არეგულირებდა 2007 წელს მიღებული კანონით თავად მედია, ახლა უნდა გადავიდეს სახელმწიფოს ხელში, ანუ ბექაურისა და მურუსიძის ხელში. ხელისუფლებამ გამოგვიცხადა, რომ უკომპრომისო დაპირისპირებაზე მიდის და ჩვენ უნდა მივიღოთ ეს დაპირისპირება“,- აღნიშნა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ყველა დემოკრატიული მეთოდი უნდა იყოს გამოყენებული და ხელისუფლებას ეს მძიმე პოლიტიკური ფასი უნდა დაუჯდეს.
„რეკომენდაციები არის ეუთო-სი სიძულვილის ენაზე. ძალიან კარგად გაუგიათ ეს რეკომენდაცია. კი, პრობლემა არის სიძულვილის ენა, რომელსაც „ოცნება“, მათი სატელიტი „პატრიოტთა ალიანსი“ და ასეთი ჯგუფები მისდევენ. ძალადობისკენ მოწოდება დასჯადია დღევანდელი კანონმდებლობით. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არათუ მოწოდებას ძალადობისკენ, არამედ ძალადობას არ სჯის, როცა მათ მოკავშირე ჯგუფებზეა საუბარი. ამიტომ სიძულვილის ენის მომიზეზება არის უტიფრობა და ფარისევლობა“,- აღნიშნა ბოკერიამ.
საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მოქმედი კნონმდებლობა ისეთ სენსიტიურ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენა, არ ითვალისწინებს მაუწყებლებისთვის რეგულირების ეფექტიან მექანიზმებს. ასეთი საკითხები მხოლოდ მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებში განიხილება. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თვითრეგულირების ორგანოებში მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრება დაუშვებელია, რაც ევროკომისიის დაფინანსებით მოწვეული ექსპერტების დასკვნით, შეუსაბამოა ევროდირექტივასთან და კანონში ცვლილებებს საჭიროებს.
კომისია მიიჩნევს, რომ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის თავად თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას და მაუწყებლები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საჩივრებს.
აღნიშნული საკითხი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს საარჩევნო საკითხებზე პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე დააყენა. მან განაცხადა, რომ კომუნიკაციების კომისიამ მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი წინადადების სახით და ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში შეიტანა პარლამენტში, თუმცა ის ამ დრომდე არ გარდაქმნილა ინიციატივად.
ამასთან, როგორც საარჩევნო საკითხებზე შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მიღებულ იქნება ზომები, რათა კანონპროექტის განხილვა დაჩქარდეს.