გიგა ბოკერია - ზურაბ ჯაფარიძისა და გია ვოლსკის კანდიდატურები იქნება ერთგვარი დაპირისპირება საბჭოთა და თავისუფალ საქართველოს შორის
„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მისი პარტია დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას დაუჭერს მხარს.
როგორც ჟურნალისტებს ბოკერიამ განუცხადა, კარგი გადაწყვეტილებაა, რომ ზურაბ ჯაფარიძემ კენჭი იყაროს დიდუბე-ჩუღურეთში.
„პირადად მე, „ევროპული საქართველო“ მას მხარს დავუჭერთ. დიდი იმედი მაქვს, რომ კვირის ბოლომდე სხვა პარტიებთან კონსულტაციები ზურაბ ჯაფარიძის საყოველთაო მხარდაჭერით დასრულდება. რაღაც თვალსაზრისით, სიმბოლური დაპირისპირება იქნება ზურაბ ჯაფარიძესა და გია ვოლსკის შორის, ეს არის საბჭოთა საქართველოსა და თავისუფალ საქართველოს შორის დაპირისპირება“, – აცხადებს ბოკერია.
გიგა ბოკერია დარწმუნებულია, რომ ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
„თუ მისი გამარჯვების მჯერა, შესაბამისად, ვოლსკის მარცხის მჯერა, მისი მარცხის საქართველოს მომავლის საჭიროებისთვის“, – ამბობს ბოკერია.
რაც შეეხება საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქს, გიგა ბოკერია არ აკონკრეტებს, მისი პარტია დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას.
„ძალიან სასურველია, რომ თბილისზე შეთანხმება, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის მხარდაჭერა შეთანხმების ყველა მხარის მიერ კვირის ბოლომდე დასრულდეს. რაც შეეხება საბურთლოს, ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება რომ იქნება, მაშინ მოგახსენებთ. სასურველია, საბურთალოზეც ერთიანი კანდიდატი იყოს იმავე პოლიტიკური ძალების, ვინც თბილისის შეთანხმებაში მონაწილეობდა“, – აღნიშნა ბოკერიამ.