გიგა ბოკერია - ქვეყანაში იქნება განგრძობადი აქციები, ვიდრე ჩვენს პოლიტიკურ მიზანს არ მივაღწევთ
25 თებერვალს მსვლელობას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან 100 წლის წინ მოხდა ყველაზე დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც დავკარგეთ თავისუფლება. ივანიშვილის რეჟიმი და სამარცხვინო გარემოცვა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, დემოკრატიას უქმნის საფრთხეს, მათ შორის მოპარებული არჩევნებით, ჩვენი მტრის პოზიციების გაძლიერებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
ბოკერიას თქმით, საპროტესტო აქციები რეგიონებშიც ჩატარდება.
„იქნება რამდენიმე აქცია რეგიონებში და ცენტრალური აქცია 31 მარტს, თბილისში. ეს არის ის დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა, ქართველმა საზოგადოებამ საკუთარი განაცხადი გააკეთა რეფერენდუმზე. იქნება განგრძობადი აქციები და გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს პოლიტიკურ მიზანს, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას, რასაც სჭირდება ნორმალური ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, დევნის შეწყვეტა, ადმინისტრაციის და რეგულაციების შეცვლა. ამ ყველაფერში არის გაერთიანებული ყველა ის პროტესტი, რასაც ჩვენ ვხედავთ საზოგადოების ყველა შრეში“, – განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, ოპოზიცია 25 თებერვალსა და 31 მარტს თბილისსა და ბათუმში აქციებს გამართავს.