გიგა ბოკერია - „პატრიოტთა ალიანსსა" და შალვა ნათელაშვილს ერთ რანგში ნუ გავიყვანთ, „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ჩვენი პარტნიორობა უცვლელია
„ლეიბორისტულ პარტიასთან“ და შალვა ნათელაშვილთან ჩვენი პარტნიორობა უცვლელი და მყარია, – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ იმყოფებოდა შალვა ნათელაშვილი ელჩებთან შეხვედრაზე და ხომ არ ნიშნავს ეს მისი მხრიდან პოზიციის ცვლილებას.
ბოკერიას თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ მხრიდან არანაირ განცალკევებას ადგილი არ აქვს.
„პატრიოტთა ალიანსი“ რომ ცალკე მოქმედებს ჩვენგან, ეგ დიდი ხანია სიახლე არ არის და ბატონ შალვასთან ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. აქ არანაირი განცალკევება არ მომხდარა. არ მაქვს ინფორმაცია, რატომ არ მოვიდა, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს პარტნიორულ დამოკიდებულებას. „ლეიბორისტულ პარტიასთან“ და ბატონ შალვა ნათელაშვილთან მჭიდრო პარტნიორობაში არანაირი ცვლილება არ მომხდარა. „პატრიოტთა ალიანსსა“ და ბატონ შალვას ერთ რანგში ნუ გავიყვანთ, რადგან „პატრიოტთა ალიანსი“ ყოველთვის ცალკე მოქმედებდა. ბატონ შალვასთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორობა უცვლელი და მყარია”, – განაცხადა ბოკერიამ.