გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმებია, თუმცა შესაძლოა, ცვლილებები ჩავარდეს
„ევროპული საქართველოს“ წევრები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
გიგა ბოკერიას თქმით, პარლამენტში კანონპროექტის მისაღებად საკმარისი ხმებია, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ცვლილებები ჩავარდეს.
„ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ვერაფერს გამოვრიცხავთ. გვსურს, რომ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა იყოს გათავისუფლებული და შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული, ეს იქნება შეთანხმების შესრულება. ივანიშვილი თუ თავისთვის დამღუპველ გზას აირჩევს, ამ შემთხვევაშიც დამარცხდება ის შემდეგ არჩევნებზე. ეს სისტემა არ განსაზღვრავს მის საარჩევნო შედეგებს, სისტემა უბრალოდ უნდა იყოს ისეთი, რომელიც საზოგადოებისთვის არის მისაღები, რომ შემდეგი მთავრობა არ იყოს გაუკონტროლებელი, ამისთვის დღეს თუ არ მიიღებენ პროპორციულ არჩევნებს, ამას მიიღებს შემდეგი პარლამენტი. ქვეყნისთვის სჯობს საერთაშორისო მეგობრების წინაშე დადებული პირობების შესრულება, რაც გულისხმობს რურუას გამოშვებას და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. რას იზამს, ვერ გეტყვით, ის იმდენად არასტაბილური ადამიანია ამ პოლიტიკური ისტერიის დროს, როგორ მოიქცევა, რთულია ამის თქმა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.