გიგა ბოკერია - ნორმალიზებისთვის საჭიროა საარჩევნო სისტემაზე დაპირების შესრულება და პოლიტიკური რეპრესიების შეჩერება
„ევროპული საქართველოს“ პოზიციაა, რომ მმართველი გუნდის შეთავაზება, ე.წ. ჩამკეტი და ა.შ. არ არის ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას დაპირდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, სისტემა 110/40-ზე ისეთივე მიუღებელია, როგორც 100/50-ზე.
„სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, მით უმეტეს მათ, რომლებიც „ლეიბორისტული პარტიის“ მაგიდასთან არ არიან, უფლება აქვთ, ამა თუ იმ წინადადებას მხარი დაუჭირონ, ჩვენ როგორ უნდა ჩავერიოთ. „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს ჩვენი პოზიცია, რომ ეს შემოთავაზება, ე.წ. ჩამკეტი და ა.შ. არ არის ის, რასაც ივანიშვილი დაპირდა საზოგადოებას დაღვრილი სისხლისა და გავრილოვის ღამის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ. არც ნორმალიზებად ჩაითვლება პოლიტიკური პატიმრების გამოშვებისა და რეპრესიების შეწყვეტის გარეშე. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ხმა უნდა მისცეს, მათი არჩევანია და პატივს ვცემთ“, – განაცხადა ბოკერიამ.
დეპუტატი ამბობს, რომ საარჩევნო მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური ძალების უდიდესი ნაწილი აღნიშნულ შეთავაზებას მხარს არ უჭერს.
„თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ რაღაცას გააკეთებს იმ პოლიტიკური ძალების გვერდის ავლით, რომლებსაც აქვს კრიტიკული მასის მხარდაჭერა და მერე იტყვის, რომ ეს არის შეთანხმება, ქართული საზოგადოება ამაში არ მოტყუვდება. ჩვენ საკითხს ვუდგებით პასუხისმგებლობით და გვსურს, ვითარების განმუხტვა, მაგრამ არც თავის მოტყუებას ვაპირებთ და არც ამომრჩევლის, რომ რაც არის არის განმუხტვა, მას დავარქვათ განმუხტვა. 110/40-ზე მიუღებელია ზუსტად ისევე, როგორც არ იყო მისაღები 100/50-ზე. ისევ იგივე სისტემაა, რომ მესამედი ან ცოტა ამომრჩევლით აქვს შანსი ნებისმიერ პარტიას, მოიპოვოს უმრავლესობა, არ იძლევა იმ შედეგს, რაც საზოგადოებამ დაუკვეთა პოლიტიკურ ძალებს. პოლიტიკური პატიმრების საკითხის გარეშე სრული ნორმალიზება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოხდება, მაშინაც კი, თუ მაჟორიტარებს არსებითად შეამცირებენ, ნორმალიზებას სჭირდება ორივე მიმართულებით განმუხტვა, საარჩევნო სისტემაზე დაპირების შესრულება და პოლიტიკური რეპრესიების შეჩერება, პოლიტიკური პატიმრების გამოშვება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.