გიგა ბოკერია - ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას ექნებათ ჩვენი საერთო მხარდაჭერა
ნიკა მელიას, როგორც თბილისის მერობის კანდიდატს და ელენე ხოშტარიას, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ექნებათ ჩვენი საერთო მხარდაჭერა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ივანიშვილის რეჟიმი უბრალოდ საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი გუნდი კი არ არის, არამედ ეს ადამიანი, მისი გარემო, მისი რეჟიმი, მისი მოკავშირეები არიან მყისიერი საფრთხე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის,საფრთხე ჩვენი ისტორიული შანსისთვის, რომ საბოლოოდ გავაღწიოთ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პუტინისტური ჭაობიდან და გავხდეთ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა, სადაც ყველა მოქალაქეს აქვს თავისი თავისუფლების დაცვის შესაძლებლობა და ბედნიერებისკენ სწრაფვის შანსი.
ეს არჩევანი ამაზე მკაფიო ვეღარ იქნება. ერთ მხარეს არის ძალადობა, სიძულვილი, პუტინის თაყვანისცემა, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე უარის თქმა და მეორე მხარესაა ჩვენი ისტორიული მისიის შესრულება. ქვეყანა, სადაც ყველას უნდა, რომ ერთმანეთის თავისუფლებას პატივი სცეს. „ევროპული საქართველო” წინა არჩევნებზეც ვიყავით და ვართ ინიციატორი, რომ ამ უაღრესად საშიშ ვითარებაში განსხვავებულმა პოლიტიკურმა ძალებმა, ისეთებმა, რომლებიც ნორმალურ პირობებში ერთმანეთის მწვავე ოპონენტები უნდა იყვნენ განსხვავებული პოზიციების გამო, ვალდებული ვართ ვითანამშრომლოთ და ვიყოთ კოორდინირებაში და ამ კოორდინირების მაგალითი იქნება გზავნილი ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, რომ დემოკრატიული ოპოზიცია სერიოზულად უდგება ამ პასუხისმგებლობას, რომელიც ყველას გვაქვს და სწორედ ამიტომ ახერხებს თანამშრომლობას და კოორდინირებას“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, დღეს კონსულტაციების ერთი ეტაპი არის დასრულებული და ეს ეხება თბილისის თვითმმართველობას.
„დღეს ერთი ეტაპი კონსულტაციების არის დასრულებული და ეს ეხება თბილისის თვითმმართველობას, სადაც ნიკა მელია, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, როგორც საკრებულოს თავჯდომარე, იქნებიან ჩვენი საერთო მხარდაჭერის მქონე. ამ ოპოზიციური შეთანხმების ფარგლებში „ევროპული საქართველოს” მთავარი პოლიტიკური ინტერესი, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად არის იმ შედეგების აღმოფხვრა, რაც ამ რეჟიმმა მოგვიტანა მთელი ამ წლების განმავლობაში, ესაა ჩვენს ხარჯზე ძალადობის მანქანის დაფინანსება, რესურსების ფლანგვა, კორუფცია და მავნებლური რეგულაციები“, – განაცხადა გუგა ბოკერიამ.
მან აქვე პარტიის ახალი წევრი გიორგი ნონიაშვილი წარადგინა.
„ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ პირველი პრიორიტეტი იქნება, რომ ეს მემკვიდრეობა აღმოვფხვრათ. ჩვენთვის საკვანძო იყო, ამ შეთანხმების ნაწილი ყოფილიყო, რომ ჩვენი გუნდის ახალი და მომავალი ლიდერი ყოფილიყო ამ ფუნქციის შემსრულებელი. მოხარული ვარ, რომ შემიძლია, წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის ახალი ლიდერი გიორგი ნონიაშვილი“, – განაცხადა ბოკერიამ.
თავის მხრივ, როგორ „ევროპული საქართველოს“ ახალმა ლიდერმა გიორგი ნონიაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების გზა არის გადასახადების და ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება.
„გვჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები, რათა ადამიანებს დაუბრუნდეთ პოლიტიკა და გვჭირდება ცვლილებები არა იმისთვის, რომ გვარები შეიცვალოს ხელისუფლებაში და დანარჩენი ხელუხლებელი დარჩეს, არამედ იმიტომ, რომ ადამიანების ყოფა გაუმჯობესდეს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამის გაუმჯობესების გზა არის გადასახადების შემცირებაში ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაში, ის, რომ სახელმწიფო ხალხს არ უნდა ართმევდეს ამდენ ფულს. ის ფული, რაც არის ხალხის ფული, უნდა იხარჯებოდეს ყაირათიანად და არ ხმარდებოდეს ჩინოვნიკების და ბიძინა ივანიშვილის და სხვების კერძო ინტერესებს. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ხელისუფლების ყველა დონეზე გამჯდარია კორუფცია და ფლანგვა. ეს ადამიანების ფულია, ამიტომ უნდა ვებრძოლოთ ამას“, – განაცხადა პარტიის ახალმა წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა.
თბილისის მერობის კანდიდატად ოპოზიციის ნაწილმა ნიკა მელია დაასახელა, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე – ელენე ხოშტარია, ვიცე-მერობის თანამდებობაზე კი ზურაბ ჯაფარიძე.