გიგა ბოკერია - მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმა შესაძლოა, კონკრეტული სფეროსთვის დროებითი შვება იყოს, მაგრამ არსებითად ვერაფერს გააუმჯობესებს
„ევროპული საქართველოს“ ხედვა დიდი ხანია, ცნობილია, ეს არის მეტი ფულის დატოვება ადამიანებისთვის, მეწარმეებისთვის და ბიზნესისთვის, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების გეგმასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ფულს, რომელსაც ადამიანები და ბიზნესი საკუთარი შრომით იღებს, თავად უკეთ განკარგავენ.
„ფულს, რომელსაც ისინი საკუთარი შრომით გამოიმუშავებენ, მათ უნდა ეკუთვნოდეთ, უკეთ განკარგავენ თავად, ვიდრე ბიუროკრატები, ჩინოვნიკები. ისედაც კორუფციის რისკიც არის და ისედაც ფუნდამენტურად არასწორია, ცუდი ძიძის როლში რომ არის მთავრობა“, – განაცხადა ბოკერიამ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ მთავრობის გეგმა ვითარებას არსებითად ვერ გააუმჯობესებს.
„ის, რაც მოვისმინე მთავრობისგან, გარდა იმისა, რომ ადრე უნდა მოეხდინათ რეაგირება, არსებითად ვერ გააუმჯობესებს ვერაფერს და კონცეპტუალურად არასწორია. შეიძლება, კონკრეტული სფეროს წარმომადგენლებისთვის ეს იყოს დროებითი შვება. ჩვენ ვეუბნებით ადამიანებს და მეწარმეებს, რომ გვინდა დაგიტოვოთ ეს ფული, მთავრობა კი ეუბნება, რომ ასესხებს ამ ფულს და უნდა ჩაგვასესხოთ. გადასახადების დაწევაზე კვლავ უარს აცხადებენ, აქციზის დაწევაზე, საწვავზე, რომელიც აისახება ფასებზე ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, მეწარმეებისთვის. უარს აცხადებენ საშემოსავლო და ქონების გადასახადის შემცირებაზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ მყისიერი ყურადღება სჭირდება დარგს, რომელიც ყველაზე მეტად ზარალდება, მაგრამ სტიმულირების გეგმა სხვა სფეროებსაც უნდა შეეხოს.
„რაც შეეხება ცალკეული სფეროების გამოყოფას, მესმის, რომ განსაკუთრებით დაზიანებულია და სჭირდება მყისიერი ყურადღება, მაგრამ ზოგადად, თუ ეკონომიკის შველაზეა საუბარი, ვინმეს გამოყოფა საქმეს არ უშველის, ყველას სხვადასხვა დოზით შეეხო ეს ამბავი. სამწუხაროდ, ფუნდამენტურად მიდგომა არის მცდარი, რადგან გადასახადების დაწევაზე უარს ამბობენ. ეს მათ პოლიტიკურ დნმ-ს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების გეგმა წარადგინა. მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, კაპიტალურ ხარჯებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში წლის ბოლომდე დამატებით 300 მლნ ლარი იქნება ინვესტირებული, დასაბრუნებელი დღგ-ს თანხა კი, გაორმაგდება; ასევე ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ბიზნესსუბიექტებს მომდევნო ოთხი თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები პირველ ნოემბრამდე გადაუვადდებათ.