გიგა ბოკერია - მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დასახელებით ნათელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება, „ევროპულ საქართველოს“კი, სჭირდება წინსვლა
„ნაციონალურ მოძრაობას“, რაც დღევანდელი ნაბიჯითაც დადასტურდა, უნდა 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება, „ევროპულ საქართველოს“ და ჩვენს ქვეყანას კი, სჭირდება წინსვლა, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დასახელებას.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ძალიან მკაფიოა და აქვს გარდამტეხი ცვლილებების გეგმა.
„ივანიშვილის პროპაგანდას ჯერ ერთი ჰქონდა სათამაშო – სააკაშვილის დაბრუნების საკითხი. დაბრუნდება თუ არა. რომ დაბრუნდება, რას უზამენ. მთელი ეს არანორმალური კონტექსტი, ჩვენი, თქვენი მომავლისთვის არაფრის მომცემია. ახლა იქნება მისი პრემიერობის საკითხი. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ძალიან მკაფიოა – ივანიშვილს და მის გარემოცვას სურს დღევანდელი ვითარების, ამ ჩიხისა და კატასტროფის შენარჩუნება, რათა ჰქონდეს სრული ძალაუფლება და ფეხებზე ეკიდოს მოქალაქეების აზრი. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, რაც დღევანდელი ნაბიჯითაც დადასტურდა, უნდა 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ და ჩვენს ქვეყნას წინსვლა სჭირდება. ჩვენ ამ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გვაქვს, რომ სწორ გზაზე ვიდგეთ და სწორი კომპასი გვქონდეს.
ივანიშვილი შეეცდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსგავსად, ამ „კარტის გათამაშებას“, მაგრამ ამჯერად, წარუმატებლად. ეს „კარტია“ – თუ ბიძინა არ იქნება, მაშინ მიშა უნდა იყოს. ეს ასე არ არის და არ იქნება. იქნება გარდამტეხი ცვლილებები, იქნება კოალიციური, ევროპული მთავრობა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშია“-ს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.