გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ „ლეობორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრები უნდა გაგრძელდეს
„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ „ლეობორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრების ფარგლებში ოპოზიციის თანამშრომლობას ჯერ თავისი თავი არ ამოუწურავს.
ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრებთან დაკავშირებით განუცხადა.
„მიმაჩნია, რომ არ ამოუწურავს თანამშრომლობას თავის თავი არანაირად. ჯერ ერთი, საბოლოოდ უნდა მოხდეს მაჟორიტარების კოორდინირება. შეიძლება, იყოს ბევრი საკითხი, რომელშიც მიმაჩნია, რომ კარგია დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრის ერთმანეთთან კომუნიკაციაში ყოფნა“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრების ფორმატი ფორმალური არ ყოფილა, თუმცა შეკრება თვითმიზანი არ არის და ნორმალურ ვითარებაში ყველა საარჩევნო კამპანიაში გადადის.
„ეს ფორმატი ფორმალური არც არასდროს ყოფილა, ეს არ არის პოლიტიკური ძალების რაღაც ბლოკი, რომელსაც ერთიანი პლატფორმა აქვს. მართალი იყო ვინც თქვა, რომ პროპორციული არჩევნები აერთიანებდა, მერე პოლიტიკური რეპრესიების საკითხი და შეიძლება, იყოს ნაკლებად დრამატული საკითხი, რომელზეც პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან. იქ ამის გაკეთების კარგი ტრადიციაა, ოღონდ თვითმიზანი კი არ არის იქ შეკრება. თუ ყველაფერი მიდის ისე, როგორც ქვეყანას სჭირდება, ჩემი აზრით, მაშინ ყველა გადის საარჩევნო კამპანიაში და ეს არის, რაც ჩვენს გუნდს, ევროპულ საქართველოს“ უნდა, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.