გიგა ბოკერია - კონსტიტუციურ პროექტში არის ერთი ბუნდოვანება, რომელიც უნდა დაზუსტდეს
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ კონსტიტუციურ პროექტში ერთი ბუნდოვანებაა, რომელიც ე.წ. 40 პროცენტიან ჩამკეტ მექანიზმს შეეხება.
მისი თქმით, ეს საკითხი უნდა დაზუსტდეს, სხვა მხრივ კი, დეპუტატის შეფასებით, პროექტში პრობლემა არ არის.
„მთავარი საკითხი იყო პირველი – თბილისს აშკარად, არასამართლიანად აკლდებოდა ამომრჩევლების რაოდენობიდან გამომდინარე ადგილი და ახლა ეს საკითხი მოგვარებულია. რაც შეეხება ბლოკების საკითხს უცნაური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ არის არსებითი და „ევროპული საქართველო“ ჩვენ ამ საკითხზე არ ვაპირებთ განსაკუთრებული ყურადღება გვქონდეს, როგორც შემოგვთავაზეს ისე იყოს. თუ ის მნიშვნელოვანი შეთანხმება ყველა მიმართულებით სრულდება, ეს საკითხი ნამდვილად არ არის არსებითი. არის ერთი ბუნდოვანება, რომელიც შეეხება ე.წ. 40 პროცენტიან ჩამკეტს, რომელიც ჩვენთვის საერთოდ საინტერესოც არ იყო და არ არის ამ ფორმით, როგორც ახლა არის და, რომელიც უნდა დაზუსტდეს. სხვა მხრივ აქ პრობლემებს ვერ ვხედავ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, ბუნდოვანება იმაში მდგომარეობს, სად მიდის პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატებისთვის დაგეგმილი მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში დაკლებული მანდატები.
„მაგალითად, გაუგებარია, სად მიდის ის ხმები, რომ აკლდება და რა შედეგის მქონე პარტიაზე ვრცელდება. პატარა პარტიამ, რომელმაც გადალახა ბარიერი, 2 პროცენტი აიღო და გაიყვანა ორი მაჟორიტარი, ნათელი უნდა იყოს, რომ მას არ შეექმნება პრობლემა. უნდა დაზუსტდეს უბრალოდ. იმ შემთხვევაშიც, ის ჩამოჭრილი ადგილები თეორიულად სად მიდის, ვისზე ნაწილდება და როგორ, ეს არ არის ნათელი. არც ეს არ არის არსებითი საკითხი. არსებითი არის, რომ შეთანხმება შესრულდეს ყველა მიმართულებით, ანუ ეს დოკუმენტი იყოს მიღებული“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
რაც შეეხება პროექტის საერთო სახალხო განხილვებს, გიგა ბოკერიას თქმით, ამ ყველაფერზე საუბარი უკვე შესდგა სახალხო დისკუსიების სახითაც, ამიტომ დეპუტატი ამაში ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს.
„მხარს დავუჭერთ, თუ ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის მისაღები ფორმით არის. ვერ ვხედავ საჭიროებას, მით უმეტეს ამ ვითარებაში, ქვეყანაში რაღაც აქტიური დისკუსიის. ეს ყველაფერი გავლილია, ნალაპარაკებია, მათ შორის სახალხო დისკუსიების სახით. ამაზე მეტი სამოქალაქო მონაწილეობა, მე არ მახსოვს რომელიმე საკითხთან დაკავშირებით ყოფილიყოს საქართველოში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს გუშინ წარედგინა. კონსტიტუციურ პროექტში აღნიშნულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით და პარლამენტში აირჩევა – 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. ცვლილებების გათვალისწინებით, პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთ პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით, ხოლო გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე.