გიგა ბოკერია - კეზერაშვილის კარნახს ვინც არ დაემორჩილება, სამიზნე ხდება, ეს არის ოლიგარქობის ამბიცია
გიგა ბოკერია - კეზერაშვილის კარნახს ვინც არ დაემორჩილება, სამიზნე ხდება, ეს არის ოლიგარქობის ამბიცია

დავით კეზერაშვილის კარნახს ვინც არ დაემორჩილება, სამიზნე ხდება, ეს არის ოლიგარქობის ამბიცია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ბოკერიას თქმით, დავით კეზერაშვილმა პრაქტიკულად დაადასტურა, რაც აქამდე ისედაც ცნობილი იყო.

„მან პრაქტიკულად დაადასტურა ის, რაც აქამდე ისედაც ცნობილი იყო და ნათქვამიც გვაქვს. თქვა, რომ უფლება მაქვს, აზრი მქონდესო და ირონიული ღიმილი ჰქონდა. ვინ შეიძლება, ეჭვქვეშ დააყენოს, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, აზრი ჰქონდეთ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებით. მეტსაც გეტყვით, ამა თუ იმ ადამიანის მხარდაჭერა თავისი რესურსით, მედიარესურსი იქნება თუ სხვა, მათი არჩევანია, ოღონდ ვის უჭერ მხარს, ეს შენს ფასეულობებზე მეტყველებს და ამით შეგაფასებენ. მაგრამ აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სხვა პრობლემა. როგორც მან ბრძანა, ჯანსაღი რჩევა მივეციო და როცა არ გაითვალისწინებს შენს „ჯანსაღ რჩევას“, მის წინააღმდეგ იწყება კამპანია იმათგან, ვინც ეს „ჯანსაღი რჩევა“ გაითვალისწინა, მისი მარიონეტებისგან. ეს იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ამ წიაღში დაბრუნებისკენ ბიძგი.

ის ამ პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია დღეს და ის ადამიანები, რომლებმაც მისი „ჯანსაღი რჩევა“ გაითვალისწინეს, დღეს იქ დაბრუნდნენ, როგორც უძღები შვილები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესეც მისი უფლებაა და უფლებას ეჭვქვეშ არავინ აყენებს, მაგრამ ამ ამბიციის შეფასება, რომ ნებისმიერ დონორს, მედიადონორი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, არ აქვს არა ფასეულობითი არჩევანი, არამედ უჩნდება ამბიცია, რომ უკარნახოს პოლიტიკური სვლები. ვინც მის კარნახს არ დაემორჩილება, მისი მარიონეტების სამიზნე ხდება, ეს არის ოლიგარქობის ამბიცია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ევროპულ საქართველოს“ მხარს ვუჭერდი, თუმცა პარტიის შედეგები ქვემოთ მოდიოდა და ხელმძღვანელობას რაღაც უნდა შეეცვალა, ნაწილმა ეს არ მიიღო და გაბრაზდნენ“.