დავით კეზერაშვილი - „ევროპულ საქართველოს“ მხარს ვუჭერდი, თუმცა პარტიის შედეგები ქვემოთ მოდიოდა და ხელმძღვანელობას რაღაც უნდა შეეცვალა, ნაწილმა ეს არ მიიღო და გაბრაზდნენ
დავით კეზერაშვილი - „ევროპულ საქართველოს“ მხარს ვუჭერდი, თუმცა პარტიის შედეგები ქვემოთ მოდიოდა და ხელმძღვანელობას რაღაც უნდა შეეცვალა, ნაწილმა ეს არ მიიღო და გაბრაზდნენ

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ 2012 წლიდან, როცა მან საქართველო დატოვა, პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობდა, უბრალოდ, აგრძელებდა ურთიერთობას მეგობრებთან.

კეზერაშვილის განმარტებით, 2016 წლის არჩევნების შემდეგ პერიოდში, როცა „ევროპული საქართველო“ გამოეყო „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ გარკვეულწილად მხარს უჭერდა და ეს იყო მაშინ პოლიტიკაში მისი როლი.

„2012 წელს რომ წამოვედი საქართველოდან, ჯერ ისედაც არ ვიყავი პოლიტიკაში აქტიურად ჩართული, თუმცა ჩემი მეგობრები იყვნენ და მე ვაგრძელებდი ურთიერთობას ამ ადამიანებთან, ვინც შემდეგ დარჩა „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ვინც წამოვიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“. ინფორმაციის დონეზე ვიცოდი, რა ხდებოდა, თუმცა მე არ ვმონაწილეობდი ამ პროცესებში, არც ისე, არც ასე. შესაბამისად, როცა დასრულდა 2016 წლის არჩევნები და ჯგუფებს შორის დაპირისპირებამ მიაღწია იმ ტემპერატურას, რომელსაც მიაღწია და მათი თანაცხოვრება უკვე ერთ პარტიაში შეუძლებელი იყო, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, დაეტოვებინათ პარტია და გამოსულიყვნენ. ეს იყო „ევროპული საქართველოს“ ნაწილი. ეს ის პერიოდია, როცა ნელ-ნელა ვხვდები, რომ ქართული პოლიტიკიდან ბოლომდე დისტანცირება არ გამოვა, რადგან საქართველო მიდის სადღაც, არასწორი მიმართულებით და, შესაბამისად, როცა ჩამოყალიბდა „ევროპული საქართველო“, მე მათ გარკვეულწილად მხარს ვუჭერდი კიდეც. ეს იყო ჩემი როლი“, – განაცხადა დავით კეზერაშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში.

დავით კეზერაშვილი ამბობს, რომ „ნაცმოძრაობიდან“ „ევროპული საქართველოს“ გამოსვლაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

„„ევროპული საქართველო“ თავისი დაფუძნების დღიდან იყო ძალიან საინტერესო ხალხით დაკომპლექტებული, სერიოზული პოლიტიკოსები იყვნენ და მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც, რომ მაგ პარტიას, წესით, უნდა ჰქონოდა ყველა შანსი, ყოფილიყო ერთ-ერთი წამყვანი ძალა ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ეს ასე არ მოხდა. 2016 წლის შემდეგ ვიხილეთ ორი არჩევნები, ამ პარტიის შედეგები მოდიოდა ქვევით და ბოლოს მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ, საპარლამენტო არჩევნებს ვგულისხმობ. ამის შემდეგ მქონდა საუბარი პარტიის ხელმძღვანელობასთან, სხვადასხვა ადამიანთან და ვთქვი, რომ მათ ვერ მიაღწიეს არათუ წარმატებას, არამედ მიუხედავად ყველა იმ რესურსისა, მათი შედეგები მცირდებოდა. შესაბამისად, მე ვთვლიდი მაშინაც და ახლაც, რომ ხელმძღვანელობას თავის მიდგომებში რაღაც უნდა შეეცვალა. ნაწილმა მიიღო, როგორც ჯანსაღი რჩევა, თუნდაც კრიტიკა, ნაწილმა არ მიიღო და გაბრაზდნენ ამაზე. შესაბამისად, ისინი მე მაბრალებენ თავიანთ წარუმატებლობას, თუ იმხელა წარმატების ვერმიღწევას, რაც მათ სურდათ. მე ვთვლი, რომ ეს არ არის ჩემი ბრალი. მე თავისუფალი ადამიანი ვარ და და ჯერ კიდევ მაქვს უფლება, გამოვხატო ჩემი აზრი“, – განაცხადა დავით კეზერაშვილმა.