გიგა ბოკერია - კატეგორიულად არ ვიზიარებ შალვა ნათელაშვილის განცხადების სულისკვეთებას
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ არ იზიარებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის მიმართავს.
„ვნახე ეს განცხადება, არ ვიზიარებ ამ განცხადების სულისკვეთებას, არც შიგნით მოყვანილ იდეებს, არ ვიზიარებ საერთოდ და კატეგორიულად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კითხვაზე, ბოლო პერიოდში პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, გრძნობთ თუ არა ევროპელი მეგობრებისგან მხარდაჭერას, თუ მხოლოდ მოწოდებები გესმით, გიგა ბოკერიამ აღნიშნა: „რა თქმა უნდა, ვგრძნობთ მხარდაჭერას ევროპელი კი არა მთლიანად თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლები ყოველთვის მხარს უჭერენ ქართველი ხალხის თავისუფლებას და ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. ტაქტიკურ, თუნდაც მნიშვნელოვან ტაქტიკურ საკითხებზე ბუნებრივია, ჩვენ მეგობარ დიპლომატებთან გვაქვს ხოლმე განსხვავებული აზრები და ეს ის შემთხვევაა, როცა ლაპარაკია პარლამენტში შესვლა ჯობია თუ არა, ამაზე. ეს პრინციპული ტაქტიკური საკითხია, მაგრამ საერთო ჯამში, თავისუფალი სამყარო არის ჩვენი მთავარი მოკავშირე. ეს უდავო არის, ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება“.
შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, არ აღიარონ არჩევნების შედეგები და გაიწვიონ ელჩები საქართველოდან.
ამასთან, შალვა ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ ევროპისგან ვერ გრძნობს მოსალოდნელ მხარდაჭერას. „ჩვენ ევროპისგან ვერ ვგრძნობთ მოსალოდნელ მხარდაჭერას, ვიღებთ მხოლოდ მოწოდებებს, შევიდეთ პარლამენტში და ლეგიტიმაცია მივცეთ პრეზიდენტ პუტინის გეგმით შეკრებილ ორგანოს“, – აცხადებს ნათელაშვილი.