გიგა ბოკერია - ივანიშვილის გუნდის წევრებს მიღებული აქვთ ინსტრუქცია, ოპონენტების წინააღმდეგ უტიფარი ბოდვა იმეორონ
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს დავალება აქვთ მიღებული, რომ ყველაფერი ოპონენტებს გადააბრალონ.
ამ კომენტარით გიგა ბოკერია 20 ივნისის მოვლენებსა და საპატრიარქოს ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„ეს არის ჩვეული სტილი ივანიშვილის გუნდის ყველა წევრის, ახლა აქვთ ინსტრუქცია, რომ უტიფარი ბოდვა იმეორონ. აქაც რუსული პროპაგანდის მსგავსად მოქმედებენ. როგორი აბსურდული, უტიფარიც არ უნდა იყოს, მთავარია, ნიაღვარი იყოს და რაღაც ეფექტი ექნება, ეს გათვლა აქვთ. ჯერ შემოუშვეს ქვეყანაში ადამიანი, საქართველოს მტერი ყველა თვალსაზრისით, რომელიც არ უნდა შემოეშვათ,კანონი ამას ავალდებულებდა, თუ საშაულებას აძლევდა მინიმუმ. შემდეგ გადადგეს ნაბიჯი, რომლითაც გაამწვავეს ლეგიტიმური პროტესტი, თანაც თვითონ შექმნეს კონფლიქტის ვითარება, როდესაც სპეცრაზმი გაიყვანეს, შემდეგ გაიყვანეს ძალა, რომლითაც რამდენიმე ადამიანი დააბრმავეს, მათ ახლა დაზარალებულადაც არ ცნობენ. ამ ყველაფრის შემდეგ ისევ ოპონენტებისკენ იშვერდე ხელს, ეს არის ივანიშვილის სტილი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
რაც შეეხება ეკლესიის თემას, ბოკერიას თქმით, უკანონო მოქმედებებზე და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე, ხელისუფლებასთან ერთ დროს დაახლოვებულმა მეუფემ ისაუბრა.
„არ ვამტკიცებ, რომ ეს ავტომატურად სიმართლეა, მაგრამ ამის შემდეგ პროკურატურამ უარი განაცხადა მის დაკითხვაზე. თვითონ გაამართლეს ეს იმით, რომ შეინანაო. თეოკრატიულ სახელმწიფოში გადაგვასახლეს – რადგან შეინანა, ეს საკითხი აღარ დგას. რაც მთავარია, მეუფე იაკობის ძალიან მწვავე განცხადებასთან დაკავშირებით, აგრძელებენ რელიგიური გრძნობების და ეკლესიის თემის გამოყენებას ოპონენტების წინააღმდეგ ამ სიბინძურის გასავრცელებლად. ეს მათი სტილი იყო. ამ თამაშში სამწუხაროდ საეკლესიო პირებიც მონაწილეობდნენ მთელი ეს წლები. თვითონ აიბლანდნენ და ახლა რომ დაზრალდნენ, ამის კონპენსირებას ცდილობენ იგივე მეთოდებით, სიბინძურის და უტიფარი ბოდვის გავრცელებით“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
ამასთან, ბოკერიამ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს ურთიერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული კონსტიტუციით არის განსაზღვრული.
„ეს არის სეკულარული სახელმწიფო. ინსტიტუციონალურად არავინ არავის საქმეში არ უნდა ერეოდეს, მაგრამ სასულიერო პირებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ პოზიცია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე. არ ვემხრობი რადიკალურ პოზიციას, რომ არ უნდა გამოთქვამდნენ პოზიციას. უნდა გამოთქვამდნენ, მიმაჩნია, ზოგჯერ მორალურად ვალდებულიც არიან, მაგრამ თუ გამოთქვამენ ისეთ აზრებს, რომელიც ჩემი აზრით, და არა მარტო ჩემი აზრით, ქვეყნის თავისუფლებისა და ქვეყნის შიგნით თავისუფლების წინაღმდეგ არის მიმართული, მაშინ ისინი მიიღებენ პასუხს…სეკულარიზმის პრინციპის დარღვევაა, თუ ინსტიტუციონალურად ჩავერევით იმაში, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ან არ მიიღოს ეკლესიამ და პირიქით, როდესაც ეკლესია ცდილობს, როგორც ინსტიტუტი, ისე ჩაერიოს ქვეყნის მოწყობაში. შეინანია და ამიტომ აღარ დავკითხავთო, აი ეს არის სეკულარიზმის პრინციპის დარღვევა“ ,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, საპატრიარქოს მოვლენების მიღმა იდგნენ იგივე ადამიანები, რომლებიც პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევისა და დისკრედიტაციის უკან იყვნენ.