არჩილ თალაკვაძე - არ გამოვრიცხავ, საპატრიარქოს მოვლენების მიღმა იდგნენ იგივე ადამიანები, ვინც პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევისა და დისკრედიტაციის უკან იყვნენ
არჩილ თალაკვაძე - არ გამოვრიცხავ, საპატრიარქოს მოვლენების მიღმა იდგნენ იგივე ადამიანები, ვინც პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევისა და დისკრედიტაციის უკან იყვნენ

პატრიარქსა და ეკლესიას აქვს ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, აღნიშნული მოვლენების შემდეგ გამოჩნდა, რეალურად ვინ დგას სახელმწიფოს გვერდით და ვის ინტერესში შედის სახელმწიფოს შესუსტება.

„ამ მოვლენების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რეალურად ვინ დგას საქართველოს გვერდით, ჩვენი სახელმწიფოს გვერდით, ეკლესიის გვერდით, და გამოჩნდნენ ის ძალებიც, რომელთა ინტერესებში, მაღალი ალბათობით, შედის ეკლესიის დისკრედიტაცია და შედის ასევე სახელმწიფოს შესუსტება, სახელმწიფო ინტერესების დაზიანება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების უკან დგანან იგივე ადამიანები, ვინც წინა შემთხვევებში იყვნენ იმ არეულობების უკან, იყვნენ ასევე პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევისა და პარლამენტის დისკრედიტაციის უკან. საერთო ხაზი, რაც აქ იკვეთება, ქვეყანაში მთავარი ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მთავარი ინსტიტუტების წინააღმდეგ შეტევის მიტანაა. ეს აერთიანებს ამ მოვლენებს ჩემი დაკვირვებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ – ვერანაირი განცხადებები, ვერანაირი განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები თუ რაკურსების გამოკვეთა, ჩვენს პატრიარქსა და ეკლესიას ვერ შეასუსტებს და მის როლს ვერ დააკნინებს. ეს არის ცალსახა, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას განცხადებებს, პარლამენტის თავმჯდომარე მღვდელმსახურთა განცხადებების შეფასებისგან თავს იკავებს.

„მღვდელმსახურთა განცხადებების შეფასებაში ვერ შევალ. თუ ვინმეს არ მოსწონს, რას ამბობს ერთი მოძღვარი, მივიდეს სხვა მოძღვართან. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა და გვყავს კულტურული საზოგადოება. ვფიქრობ, ამ თემების პოლიტიკაში გადმოტანა, სეკულარულ სახელმწიფოში არ იქნება სწორი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით, პარლამენტის სპიკერის თქმით, მიმდინარე მოვლენებმა დაადასტურა, რომ პატრიარქსა და ეკლესიას აქვთ ხელისუფლების ძლიერი მხარდაჭერა.

„ადრეც გავაკეთე ამაზე კომენტარი და კიდევ ერთხელ გეუბნებით, არავითარი საფუძველი არ შეიძლება ჰქონდეს იმას, რომ ხელისუფლება რაიმე სახით ყოფილიყო დაინტერესებული იმ ბრალდებებთან მიმართებაში, რომელიც გაკეთდა. პირიქით, მიმდინარე მოვლენებმა მკაფიოდ დაადასტურა, რომ პატრიარქსა და ეკლესიას აქვთ ხელისუფლებისა და ეკლესიის, ასევე ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა. ბუნებრივია, მხედველობაში უნდა მივიღოთ განცხადებებიც, რომლებიც მეუფე იაკობის მიერ სამივე დასახელებულმა პირმა საჯაროდ გააკეთა. მათ უარყვეს ფაქტი ასეთი მოლაპარაკებების ან შეხვედრის შესახებ. შესაბამისად, უფრო სიღრმისეული შეფასების გაკეთება გამიჭირდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.